ფინანსური დანაშაული

პროექტ “დანერგე მომავალის” 1 132 783 ლარი მიითვისეს - ოთხ პირს ბრალი წარედგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - დანერგე მომავალი ხუთი ბენეფიციარისა და სახელმწიფოს კუთვნილი 1 132 783 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ოთხ პირს ედავება. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოვლინდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტებიც. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ოთხი მხილებულიდან სამი პირი. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებმა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სააგენტოსგან მიიღეს 1 049 230 ლარის დაფინანსება ვაშლის და ნუშის ნერგების შესაძენად.

პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებმა მიღებული დაფინანსება მათი თანამონაწილეობის თანხასთან - 700 758 ლართან ერთად, გადაურიცხეს ბრალდებულების მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რომელსაც უნდა შემოეტანა ნერგები, განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებზე მოეწყო ჭაბურღილი, წვეთოვანი სარწყავი სისტემა და გაეშენებინა ბაღები.

თუმცა, კომპანიის დირექტორმა და მისმა ორმა თანამშრომელმა მოახდინეს მხოლოდ 617 205 ლარის ღირებულების ნუშის ნერგების იმპორტი, ხოლო დანარჩენი 1 132 783 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

ამასთან, ბრალდებულებმა ერთ-ერთ აუდიტორს დაამზადებინეს ოთხი ერთეული ყალბი აუდიტორული დასკვნა ჭაბურღილის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წარადგინეს სოფლის განვითარების სააგენტოში, მიღებული თანხების მიზნობრივად გამოყენების დასადასტურებლად" - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე.  ვადით.

კომენტარები