მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

კოკოითი: თბილისელი პროვოკატორების ხელში ჩავარდა ჩვენი მესაზღვრეების პირადი ინფორმაცია

ედუარდ კოკოითი

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი მარიონეტი პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი გამოეხმაურა რუსი ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დათიაშვილის გატაცებას.

კოკოითი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ამართლებს, წერს, რომ ისინი არსებული წესების დაცვით მოქმედებდნენ და მადლობას უხდის რუს მესაზღვრეებს გაწეული შრომისთვის.

"მთელი ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ოსმა და რუსმა მესაზღვრეებმა ღირსეულად შეასრულეს საკუთარი მოვალეობა სასაზღვრო სამსახურის წესებისა და რეგულაციების სრული შესაბამისობით. ხაზს ვუსვამ მაღალ პროფესიონალიზმს. რუსები სამხრეთ ოსეთში სახელმწიფოთაშორისი თანხმობით იმყოფებიან, ყველაფერი საერთაშორისო წესების ფარგლებში და მათი სრული დაცვით მოხდა. ჩემგან პირადად მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომ საკუთარ საქმეს შესანიშნავად ასრულებენ". – წერს კოკოითი.

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გავრცელდა ოსი და რუსი მესაზღვრეების პირადი ინფორმაცია.

"როგორც ვიცით, თბილისელი პროვოკატორების ხელში ჩავარდა მესაზღვრეების პირადი ინფორმაცია. საიდან და როგორ მოიპოვეს მათ ეს ინფორმაცია, სხვა საკითხია და ეს მათ სინდისზე იყოს, ვინც დღეს მტერი სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და საკუთარ ხალხს ღალატობს. [...]

ქართველი რადიკალები ინტერნეტში ავრცელებენ სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსი მესაზღვრეებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ინფორმაციას. ასეთი ბილწი ქმედებებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. მათ, ვინც მოაგროვეს ეს ინფორმაცია, იცოდნენ, რომ არც ჩვენებს, არც რუს მესაზღვრეებს და არც მათ ოჯახის წევრებს არ დავაჩაგრინებთ". – წერს კოკოითი.

დღეს, 9 ნოემბერს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა მედიასთან ძმის მკვლელების სახელები დაასახელა. მისი თქმით, თამაზ გინტური ვასილ დემიდოვმა და კოლია ისჩენკომ ჩაცხრილეს. 

"ვინ მოკლა, ვინ ესროლა, რამდენი წლისაა და სად ცხოვრობს. ყველაფერი გადმომიგზავნეს. ორმა ჩაიდინა ეს მკვლელობა. როგორც საქართველოდან გადასცემენ რუსებს ჩვენ მოქალაქეებს და ასამართლებენ იქ, მოვითხოვ, რომ ეს მკვლელები გადმოსცენ საქართველოს და საქართველომ გაასამართლოს". – ამბობს გინტური. 

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

კომენტარები