სალომე ზურაბიშვილი

პაპუაშვილი პრეზიდენტზე: თავის ამომრჩევლებს უღალატა – მისგან კარგს აღარაფერს უნდა ველოდოთ

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტზე, სი ძინ პინზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილმა  ზურაბიშვილის ნათქვამს რეალობას მოწყვეტილი და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო უწოდა.

"როდესაც ადამიანი საკუთარი ერის ინტერესების წინააღმდეგ წავა - ეს ქალბატონმა სალომემ იმით გამოხატა, რომ კონსტიტუცია დაარღვია. როდესაც ის კონსტიტუციის დარღვევაში ამხილეს, მან თქვა, რომ ეს არაფრად მიაჩნია. სალომე ზურაბიშვილისთვის საქართველოს კონსტიტუცია არის მაკულატურა და ის ფეხით გათელა. ამის შემდეგ, გასაკვირი არაა, რომ მისი საქციელი და ქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. 

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად დამაზიანებელია მისი ასეთი სახის საჯარო ქმედებები, იქნება ეს მედიასთან საუბრის, თუ შეხვედრების დროს [...] ჩინეთის ელჩი შეშფოთებულია, იქიდან გამომდინარე, რომ ზურაბიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა - ყოველგვარ რეალობას მოწყვეტილი და ქართველი ხალხის ინტერესებს აცდენილი. ქალბატონი სალომე ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ უკვე პირდაპირ მოქმედებს. მან საკუთარ ამომრჩევლებს უღალატა, კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა  და მისგან კარგს აღარაფერს უნდა ველოდოთ". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

LCI-ის კითხვაზე, "გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან?", საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა - "ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა".

კომენტარები