საქართველო-ჩინეთი

ზურაბიშვილის პასუხი მხოლოდ პუტინს ეხებოდა – ადმინისტრაციის უფროსი ჩინეთის ელჩს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მისი განმარტებით,  ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის პასუხი მხოლოდ ვლადიმირ პუტინს ეხებოდა.

"ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე.

მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები" - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ფრანგულმა ტელეკომპანია LCI-მა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა - "გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმირ პუტინი კი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს? პუტინი, რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ". საქართველოს პრეზიდენტმა წამყვანს ასე უპასუხა - "ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა".

ინტერვიუს გასაჯაროების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას "კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელი" უწოდა. მათი მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის დაზიანებას ცდილობს. ამასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩსაც შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ "პრეზიდენტის განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას". მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება "ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ".

კომენტარები