ესპანეთი

ესპანეთში სეპარატისტების ამნისტიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 170 000 მივიდა

18 ნოემბერს მადრიდში სეპარატისტების ამნისტიის წინააღმდეგ გამართული აქცია
EFE/ Fernando Alvarado

18 ნოემბერს მადრიდში კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის წინააღმდეგ გამართულ აქციაში 170 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დემონსტრანტებს შორის ბევრი აფრიალებდა დროშებს და ეკავა ბანერები, რომლებზეც ეწერა სანჩესი მოღალატე და არ გაყიდოთ ესპანეთი.

ამასთან, გამოსვლას ოპოზიციური სახალხო პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნეს ფეიხოო დაესწრო.

აქციამდე ორი დღით ადრე კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიასთან დაკავშირებით გარიგების დადების შემდეგ ესპანეთის პრემიერმინისტრი და სოციალისტური პარტიის ლიდერი, პედრო სანჩესი ქვეყნის პრემიერად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს

სადავო შეთანხმების მიხედვით, გამოცხადდება ამნისტია, რომელიც შეეხება ადამიანებს, ვისაც 2012 წლიდან 2023 წლამდე კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებული ბრალდებები აქვთ წაყენებული.

ამასთან, შეთანხმებაში წერია, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტია ერთად კატალონიისთვის ესპანეთის კონსტიტუციის ფარგლებში კატალონიის პოლიტიკური მომავლის შესახებ თვითგამორკვევის რეფერენდუმის ინიციატივას წარადგენს. მასშივე წერია, რომ სოციალისტური პარტია კატალონიის ავტონომიის სასამართლო გზებით გაფართოებას დაუჭერს მხარს.

სანაცვლოდ, ერთად კატალონიისთვის სანჩესს მხარი დაუჭირა და შესაძლებლობა მისცა, პრემიერად კიდევ ერთი ვადით არჩეულიყო. 

კომენტარები