ეროვნული ბანკი

თურნავა: გეოპოლიტიკური ვითარებით გაზრდილი შემოდინებები ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია

ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, გაზრდილმა საგარეო შემოდინებებმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მან ასევე აღნიშნა, რომ მშპ-ს პრეპანდემიური ტრენდიდან ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია.

ამის შესახებ თურნავამ ისაუბრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, სადაც მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. 

"საბაზო პროგნოზით, 2023 წელს ეკონომიკა სხვა თანაბარ პირობებში 6%-ით გაიზრდება, რაც მეტწილად პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის პოტენციალის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი აღდგენით აიხსნება, რასაც მიმდინარე პერიოდში საწარმოო ფაქტორების გაზრდილი პროდუქტიულობა და ინვესტიციები ასტიმულირებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის პრეპანდემიური ტრენდიდან ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. 

ამავდროულად, არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, გაზრდილი საგარეო შემოდინებები კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდინარე წლის ეკონომიკური აქტივობის წასახალისებლად. იგი დადებითაც აისახება მომსახურების ექსპორტზე, 2023 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 29%-ით გაიზარდა და გადააჭარბა პრეპანდემიურ დონეს. საგარეო შემოდინებები ადგილობრივი მოხმარების მასტიმულირებელიც ხდება, რასაც ჩვენ საკმაოდ ყურადღებით ვაკვირდებით". - თქვა თურნავამ. 

გარდა ამისა, თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში, მცირე რყევების მიუხედავად, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. 

"ეროვნული ბანკის მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. თუმცა, 2024 წელს ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებს დროებით, მცირედით გადააჭარბებს. საშუალოდ 3.6% იქნება. საბოლოოდ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება". - თქვა თურნავამ. 

კომენტარები