ოკუპირებული აფხაზეთი

ზურაბიშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში კარბაიას დაღუპვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა

"ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა შეხსენებაა იმისა, რომ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა". – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თემურ კარბაიას სიკვდილზე სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter).

"ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა. (ეს ფაქტი) არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების ძირეული უფლებები უხეშად ირღვევა. სამწუხარო 75-ე წლისთავი". – წერს ზურაბიშვილი X-ზე. 

9 დეკემბრის შემდეგ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას დაღუპვის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქე. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

კომენტარები