ფეხბურთი

ბრაზილიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრაზილიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, მარიო ზაგალო
Hassan Ammar/AP

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, მარიო ზაგალო, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამას მისი ოფიციალური Instagram გვერდი ადასტურებს

ზაგალო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც FIFA-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში 4-ჯერ გაიმარჯვა. როგორც მოთამაშემ, მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ, 1958 და 1962 წლებში, მოიპოვა, ხოლო შემდეგ როგორც ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მწვრთნელის თანაშემწემ, მსოფლიოს თასი 1970 და 1994 წლებში მოიგო. 

ცნობილი მარცხენა გარემარბი თავდაპირველად მფრინავობაზე ოცნებობდა, მაგრამ ცუდმა მხედველობამ ხელი შეუშალა. თავდაპირველად ზაგალო America-ს გუნდში თამაშობდა, შემდეგ მას Flamengo-სა და Botafogo-ს გუნდებშიც აქვს ნათამაშები. 

ზაგალო 1955 წელს ალსინა დე კასტროზე დაქორწინდა, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა. მათ 4 შვილი ჰყავდათ. 

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა დე სილვამ ზაგალოს ოჯახს, მეგობრებსა და "მილიონობით თაყვანისმცემელს" მიუსამძიმრა და ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ზაგალოს პატივსაცემად შვიდდღიანი გლოვა ასევე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) გამოაცხადა. ბრაზილიელებს ასევე FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, მიუსამძიმრა და თქვა, რომ მისი გავლენა მსოფლიო ჩემპიონატზე "შეუდარებელია".

კომენტარები