ევროკავშირი

შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი
REUTERS/Johanna Geron

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბელგიურ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად წარდგება. 

განსაზღვრული წესით, მიშელის ვადა ნოემბერში სრულდება, ხოლო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის საბჭოს პრეზიდენტობის თანამდებობიდან ივლისში უნდა გადადგეს, რათა პარლამენტში ადგილი დაიკავოს. შესაბამისად, ევროკავშირის ლიდერებს მალევე მოუწევთ, ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი აირჩიონ. თუ ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას დროულად არ მიიღებს, შეხვედრებს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი წარუძღვება, რადგან ივლისში სტანდარტული როტაციის ფარგლებში უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. 

ევროპარლამენტის არჩევნები 27-ივე წევრ ქვეყანაში  6-9 ივნისს იგეგმება, რის შემდეგაც ევროპული საბჭო 17 ივნისსა და 27-28 ივნისს შეიკრიბება. მიშელის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ახალ პრეზიდენტს სავარაუდოდ ამ დროს აირჩევენ.

როგორც Politico წერს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ორბანის მიერ საბჭოს შეხვედრების ხელმძღვანელობა ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების ლიდერებისთვის მიუღებელი იქნება და, სავარაუდოდ, შეეცდებიან, რომ ამას თავი აარიდონ.

ორბანის მიერ წარმოდგენილი უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის უკრაინის მხარდაჭერის ერთადერთი მოწინააღმდეგეა. ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების შემდეგ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა. ამასთან, ამ გადაწყვეტილების მთავარი ოპონენტიც ორბანი იყო.

 

კომენტარები