ავსტრალია

ავსტრალიაში დააკავეს პირები, რომლებიც ასობით ხვლიკის არალეგალურ ექსპორტს გეგმავდნენ

ავსტრალიაში გამოავლინეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ადგილობრივი სხვადასხვა სახეობის ასობით ხვლიკის არალეგალური გზით ჰონგ კონგში ექსპორტს გეგმავდა.

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის ცნობით, დაჯგუფების მიერ საექსპორტოდ გამზადებული ხვლიკების ჯამური საბაზრო ფასი 1.2 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (800 000 აშშ დოლარს) აჭარბებს.

სამართალდამცველებმა სიდნეიში სამი კაცი და ერთი ქალი დააკავეს. პოლიციამ ჩატარებული რეიდების შედეგად, 257 სხვადასხვა სახეობის ხვლიკი და 3 გველი ამოიღო, რომლებიც დამნაშავეებს მცირე ზომის კონტეინერებში ჰყავდათ დატყვევებულები.

პოლიციამ საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბერში ჰონგ კონგში გასაგზავნად გამზადებული 9 მცირე ზომის კონტეინერი ამოიღო, რომლებშიც 59 ცოცხალი ხვლიკი იყო მოთავსებული.

გამოძიების ფარგლებში გამართული რეიდების დროს, სიდნეიში მდებარე ერთ-ერთ სახლში პოლიციამ 118 ხვლიკი, 3 გველი, 8 კვერცხი და 25 მკვდარი ხვლიკი ამოიღო.

4 დაკავებული პირის ასაკი 31-დან 59-წლამდეა, ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 15-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ცნობით, უკანასკნელ ათწლეულებში ჰონგ კონგი ეგზოტიკური ცხოველებით საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად იქცა. ADM Capital Foundation-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 5-წლიან პერიოდში, ჰონგ კონგში, სულ მცირე, 84 ქვეყნიდან 4 მილიონი ცოცხალი ცხოველის იმპორტირება მოხდა.

კომენტარები