დიდი ბრიტანეთი

მსახიობი სტივენ ფრაი ბრიტანეთის სამეფო დაცვაში დათვის ბეწვის ქუდების აკრძალვას ითხოვს

Gareth Copley/Mike Kemp/In Pictures/Getty Images

ბრიტანელი მსახიობი სტივენ ფრაი დიდი ბრიტანეთის სამეფო დაცვის წევრების კოსტუმებში დათვის ბეწვის გამოყენების აკრძალვას ითხოვს. სტივენ ფრაი ცხოველთა დაცვის აქტივისტებს შეუერთდა და მეფე ჩარლზის დაცვის წევრების ბუნებრივი ბეწვის ქუდების ხელოვნურით ჩანაცვლება მოითხოვა.

ფრაის თქმით, სამეფო დაცვის წევრების დათვის ბეწვისგან შეკერილი ქუდები, რომლებსაც ბასბის ეძახიან, ცხოველების წამებითაა მიღებული და მათი სამეფო ეტიკეტში გამოყენება არაეთიკურია. სტივენ ფრაი ითხოვს, რომ სამეფო დაცვის ქუდები ხელოვნური ბეწვისგან შეიკეროს და თუ ბრიტანეთი ამას ვერ შეცვლის, ეს ყველაზე არაბრიტანული და უგუნური რამ იქნება. 

"ტრადიცია არასდროსაა გამართლება ბოროტებისთვის" - თქვა სტივენ ფრაიმ. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამეფო დაცვის ბუნებრივი ბეწვის ქუდები ლეგალური და ნებადართული ნადირობითაა მოპოვებული. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ისინი ბუნებრივი ბეწვის ალტერნატივებს განიხილავენ, თუმცა ყველა კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელი ხელოვნური ბეწვის ვარიანტი ჯერ შერჩეული არაა. 

კომენტარები