ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-მ კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერი კახა კალაძე კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

"ჩვენ მივმართავთ კახა კალაძეს, თბილისის მერს, უახლოეს დღეებში ტარდება საკრებულოს სხდომა, ჩვენ მოვუწოდებთ მას, მოვიდეს და პასუხი გასცეს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კითხვებს მის მიმართ რომლებიც არსებობს, არამედ თბილისელების კითხვას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, დიღმის ჭალებთან დაკავშირებით, მათ შორის, ვარკეთილის მეტროს ჭერთან დაკავშირებით, მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

იმის მაგივრად, რომ პათეტიკური კომენტარები გააკეთოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ გასცეს პასუხი კონკრეტულ ბრალდებებს". - თქვა ენმ-ის წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

ენმ-ის წევრები პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები მითვისებული, გაფლანგული და მოპარულია.

"კახი კალაძის კორუფციული სქემები არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა მან ათეულობით მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა გარდაბნის, ქართული ოცნების საკრებულოს წევრს. დღეს ვხედავთ, რომ ეს თანხა არის მითვისებული, ეს თანხა არის გაფლანგული და ეს თანხა არის მოპარული და დღეს უკვე, როდესაც კალაძეს არ ეყო აღნიშნული თანხების მოპარვა, დღეს უკვე ააგო ახალი კორუფციული სქემა და ქართული ოცნების შემომწირველებს და ბერა ივანიშვილის მეგობარს გაუფორმა 17 მილიონიანი ხელშეკრულება და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის კორუფცია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურამ ეს ადამიანები უნდა დაიბაროს და დაიწყოს გამოძიება და თუ ფარცხალაძის პროკურატურა არ დაიბარებს ამ ადამიანებს, აუცილებლად სამართალი იზეიმებს და ყველასთან ძალიან მალე მივა სამართალი და სამართლიანობა". - თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.


თბილისის მერიამ ხელშეკრულებები წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს, შპს ერ ტე დესა და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს შეუწყვიტა.

მერია შპს ერ ტე დეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, დაფიქსირდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების არწარმოების არაერთი შემთხვევა, ასევე, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შემოწმების დროს, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის იანვრის პერიოდში, 11 ფაქტი იყო, როცა კომპანია ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებდა. 

"შპს ერ ტე დეს მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერს მერია კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

მერია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს შპს მილენიუმ ბილდერს გრუპსაც. უწყების ცნობით, ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა სამუშაოების არ წარმოებასა (8-ჯერ) და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენას.

"შპს მილენიუმ ბილდერ გრუპის მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერია მერიის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში. 

მერიამ ორივე კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაუწესა.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო.

კომენტარები