ფიროსმანი

ხელოვნების მუზეუმი: დადასტურდა, რომ ფერწერული ტილო "ირემი" ფიროსმანს ეკუთვნის

ეროვნული მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმის ცნობით, მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა.

"შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - ირემი - საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა.

ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის - ირემი - ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო" - წერია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუზეუმის ინფორმაციით, მოქალაქე ლაშა შენგელიამ 2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა.

"მოქალაქე ლაშა შენგელიამ წარადგინა კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი ირემი, რომელსაც ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვ...“ ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. ნახატი შესრულებულია ზეთით, ზომა - 80,5x102. ნამუშევარი რესტავრირებულია" - წერია განცხადებაში.

კომენტარები