სიკვდილით დასჯა

აშშ-ში პირველად, პატიმარი აირადი აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს

58 წლის კენეთ იუჯინ სმითი პირველი პატიმარია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც  აირადი აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს.

ალაბამას შტატში, სმითის სიკვდილით დასჯის დამსწრეთა მიხედვით, პროცედურა 22 წუთი გაგრძელდა, ხოლო პატიმარმა, სპეციალური ნიღბის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით 2 წუთის შემდეგ დაკარგა გონება. წმინდა სახით აზოტის შესუნთქვა უჯრედების დაშლას და სიკვდილს იწვევს. 

აშშ-ს უზენაესმა და ქვედა სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი დასაშვებია, შესაბამისად განაჩენის აღსრულება არ დაბლოკილა.

სასჯელის მოწინააღმდეგეების თქმით, აირად აზოტმა შესაძლოა, არასაჭირო ტანჯვა გამოიწვიოს. სმითის ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ ეს მეთოდი "სასტიკი და უჩვეულოა".

ალაბამამ სმითის სიკვდილით დასჯა ორი წლის წინაც სცადა, მაგრამ ლეტალური ინიექციისთვის ვენის პოვნა განსაზღვრულ დროში ვერ მოხერხდა.

პასტორის ცოლის, ელისაბედ კენეთის მკვლელობისთვის პატიმრობა იუჯინ სმითს 1989 წელს მიუსაჯეს, ხოლო 1996 წლიდან იგი სიკვდილით დასჯა მისჯილი პატიმრების რიგში იდგა. სიკვდილით დასჯა მის თანამზრახველსაც ჰქონდა მისჯილი, რომელიც 2010 წელს მოკლეს. ალაბამამ სმითის სიკვდილით დასჯა ორი წლის წინაც სცადა, მაგრამ ვენის ამოყვანა განსაზღვრულ დროში ვერ მოხერხდა.

პროკურორების თქმით, პასტორმა ჩარლზ სენეთმა საკუთარი ცოლის მოსაკლავად ორ დამნაშავეს სათითაოდ $1000 დოლარი გადაუხადა. ცოლის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ კი ჩარზლმა თავი მოიკლა.

სიკვდილით დასჯის სასჯელი აშშ-ს 23 შტატშია გაუქმებული, ხოლო 6 შტატში სიკვდილით დასჯის პროცედურები დროებით შეჩერებულია. 2023 წელს აშშ-ში ლეტალური ინექციით სიკვდილით დასჯის 24 შემთხვევა იყო.

აშშ-ში სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდი ბოლოს 1982 წელს შემოიღეს, როდესაც პირველად გამოიყენეს "ლეტალური ინექციის" მეთოდი და მას შემდეგ აშშ-ში სიკვდილით დასჯის ძირითადი ფორმა სწორედ ლეტალური ინექციაა, რადგან მიიჩნევა, რომ ის უფრო ჰუმანური მეთოდია "ელექტრულ სკამთან", დახვრეტასთან და ჩამოხრჩობასთან შედარებით.

თუმცა, ლეტალური ინექციისთვის საჭირო მედიკამენტების მოპოვება ბოლო წლების განმავლობაში გართულდა, ამავდროულად, აღნიშნული პროცედურის არაერთი ხარვეზებით ჩატარებული შემთხვევა არსებობს, რამაც სიკვდილმისჯილი პატიმრისთვის ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი გამოიწვია. სწორედ ამიტომ, აშშ-ში გახშირდა საუბარი სიკვდილით დასჯის ძველ მეთოდებზე დაბრუნების ან ახლის ძიების შესახებ.

კომენტარები