ვლადიმირ პუტინი

პესკოვი: ტაკერ კარლსონმა ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ უკვე ჩაწერა

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკელმა პოლიტიკურმა კომენტატორმა და Fox New-ის ყოფილმა წამყვანმა ტაკერ კარლსონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ უკვე ჩაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. 

"დიახ, შემიძლია ამის დადასტურება. როგორც კი მომზადდება ის [ინტერვიუ], გამოქვეყნდება". - უპასუხა კრემლის წარმომადგენელმა მედიის შეკითხვას.

"არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, ბოლოს და ბოლოს, ეს მისი ინტერვიუა. ასე რომ, როცა ის [კარლსონი] მზად იქნება, გამოაქვეყნოს [ინტერვიუ], ალბათ, პირველ რიგში, თავად ისაუბრებს ყველა დეტალზე". - დაამატა მან.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე დაადასტურა, რომ კარლსონი პირადად შეხვდა პუტინს.

"დეტალებზე ჯერ არაფერი მაქვს სათქმელი". - უპასუხა პესკოვმა კითხვაზე, იყო თუ არა ამერიკელი ჟურნალისტი კარანტინში, სანამ პუტინს შეხვდებოდა.

აქამდე, კარლსონმა დაადასტურა, რომ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა

კარლსონმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ის ინტერვიუს პუტინს მალე ჩამოართმევდა. მისი თქმით, ამ ინტერვიუს ჩაწერა სურს, რადგან "ამერიკელებს აქვთ უფლება იცოდნენ ომის შესახებ, რომელშიც ჩართული არიან". ის ასევე ირწმუნებოდა, რომ ამერიკელი ხალხი ომის შესახებ საკმარისად ინფორმირებული არაა და ამას დასავლური მედიის მიკერძოებულობას აბრალებს.

კარლსონის თქმით, დასავლურ მედიებს მრავალი ინტერვიუ ჰქონდათ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა, როგორც ის ირწმუნება, პუტინთან საუბრით "თავი ერთ დასავლელ ჟურნალისტსაც კი არ შეუწუხებია". როგორც BBC წერს, ეს სიტყვები სიმართლე არაა, რადგან მათი რუსული სამსახურის მთავარმა რედაქტორმა, სტივ როზენბერგმა კრემლს ინტერვიუ რამდენჯერმე სთხოვა და ყოველ ჯერზე უარი მიიღეს.

როგორც კარლსონმა აღნიშნა, ის X-ის მფლობელს, მილიარდერ ილონ მასკს ესაუბრა და ამ უკანასკნელმა მისცა პირობა, რომ პუტინთან ინტერვიუს სოციალურ პლატფორმაზე ცენზურას არ დაადებს. მასკმა ამერიკელი ჟურნალისტის ვიდეომიმართვა საკუთარ გვერდზეც გააზიარა.

კარლსონის თქმით, ის ამერიკელ ხალხს არ სთხოვს, რომ დაიჯერონ პუტინის სიტყვები, თუმცა მათ მოუწოდებს, რომ მის ინტერვიუს აუცილებლად უყურონ.

ტაკერ კარლსონი რუსეთში ჯერ კიდევ 3 თებერვალს შენიშნეს. ამ დღიდან გაჩნდა ვარაუდი, რომ ამერიკელი ჟურნალისტი მოსკოვში პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა.

კომენტარები