ვლადიმირ პუტინი

პუტინი: სხვათა შორის, ბელგია მსოფლიოს რუკაზე რუსეთის წყალობით გაჩნდა

ვლადიმირ პუტინი მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე, 2024 წლის 7 მარტი
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ ბელგია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რუსეთის წყალობით არსებობს. მან ამის შესახებ საკუთარი ინიციატივით ჩატარებულ მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებთან საუბრის დროს ილაპარაკა, როცა ის ბელგიელ ექიმს ესაუბრებოდა.

"სხვათა შორის, ბელგია – ალბათ, გეცოდინებათ – მსოფლიოს რუკაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მნიშვნელოვანწილად რუსეთისა და რუსეთის პოზიციების წყალობით გაჩნდა. ამას მნიშვნელობა დღეს უკვე არ აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობის პრეისტორია გაგვაჩნია და, როგორც წესი, ისინი პოზიტიური სახისაა." – თქვა პუტინმა.

როგორც გამოცემა POLITICO წერს, რეალურად, ყველაფერი პირიქით იყო. 1830 წელს, როცა ბელგიამ ნიდერლანდების სამეფოს წინააღმდეგ რევოლუცია წამოიწყო, რუსეთი ჰოლანდიელებს უჭერდა მხარს და ბელგიელი ამბოხებულების ჩასახშობად ჯარის გაგზავნასაც გეგმავდა, რადგან ევროპაში მონარქიების წინააღმდეგ წამოწყებული ყველა აჯანყების ეშინოდათ.

ცარ ნიკოლოზ I-ს ჯარისკაცების უკან გამობრუნება მოუწია, რადგან ბევრი მათგანი იყო პოლონეთიდან, სადაც ნოემბრის აჯანყება მიმდინარეობდა. ამ აჯანყების ჩახშობის შემდეგ, პოლონელი ოფიცრები ბელგიაში ჩავიდნენ და მათ ძალებს შეემატნენ. 

POLITICO ხაზს უსვამს, რომ, მართალია, 1830 წლის ლონდონის კონფერენციაზე რუსეთი დათანხმდა ბელგიის სახელმწიფოებრიობის გამოცხადებას, თუმცა უფრო ლოგიკური იქნება, რომ ქვეყნის არსებობის წვლილი პოლონელების მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას მიეწეროს. ამას გარდა, ამ კონფერენციაზე მიიჩნეოდა, რომ ძლიერი პოზიცია დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეკავა.

კომენტარები