უმუშევრობა

საქსტატი: გასული წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 15.3%-მდე შემცირდა

adf.org.au

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7%-ით შემცირდა და 15.3%-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება დაქირავებულთა რიცხოვნობას, მაჩვენებელი გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი გახდა.

საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 0.9 ათასით, ანუ 0.4%-ით შემცირდა და 248.6 ათასს მიაღწია.

საქსტატი

ამავე მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა და 54.3% გახდა, ხოლო დასაქმების დონემ, რომელიც 1.8%-ით გაიზარდა, 46.0% შეადგინა.

ამასთან, გასული წლის ბოლო კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.9%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.2%ით. დასაქმების დონე კი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.7%-ით გაიზარდა და 47.5%-ს მიაღწია, სოფლის ტიპის დასახლებებში კი 1.8-ით გაიზარდა და 43.9%-ს გაუტოლდა.

საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. ეს მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3%-ით, ხოლო კაცებში - 0.1%-ით და შესაბამისად 12.8%-სა და 17.7%-ს უტოლდება.

კომენტარები