ნარკოდანაშაული

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბელარუსისა და ისრაელის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან და პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ნაპოვნია დიდი ოდენობით თანხა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი.

უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით დაიწყო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ა.ჰ. თბილისში  დააკავეს. ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია 440 აბი "ექსტაზი", საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი "კანაფი", "მარიხუანა" და "ჰაშიში".

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და  საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის საქმეზე  ფონიჭალაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი - ე.მ. და ა.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი  სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 18 შეკვრად დაფასოებული - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, 97 350 აშშ დოლარი, 6080 ლარი და 2 790 000 რუსული რუბლი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - გ.ლ. და ნ.დ. გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ა.ა. მარიხუანას გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მისი პირადი  ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.შ., ი.ნ. და ე.ი.-სგან ნივთმტკიცებად ამოღებულია, ნარკოტიკული საშუალება კოკაიანი,  მარიხუანა, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, სასიგნალო პისტოლეტი და 9  ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ო. ოზურგეთის  მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი" და "ამფეტამინი" ნივთმტკიცებად  ამოიღეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები