ონკოლოგია

მინდა ვიცოცხლო! – ონკოპაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

ონკოლოგიური პაციენტებისა და მათი მხარდამჭერების აქცია პარლამენტის წინ, 2024 წლის 3 მარტი
კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

პარლამენტთან ონკოპაციენტებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების მკურნალობასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ:

1. სახელმწიფომ შეუფერხებლად დააფინანსოს ონკოპაციენტების მკურნალობა და მოხსნას 25 000-ლარიანი ლიმიტი;

2. დროულად შემოიტანონ მედიკამენტები და პაციენტებს არ უწევდეთ წამლის საძებნელად აფთიაქიდან აფთიაქში სიარული;

3. გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება - ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც კი არ არის.

"დაფინანსება აგვიანებს ერთი და ორი თვე იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც სამი დღე არის გადამწყვეტი. ამ ადამიანებმა საიდან უნდა მოიტანონ კოლოსალური თანხები, როდესაც ზოგი პენსიონერია, ზოგს შემოსავალი არ აქვს. 7 ათას ლარიანი წამალი როგორ უნდა შეიძინონ ამ ადამიანებმა საკუთარი სახსრებით? [...]

მივიღეთ დაპირებები, რომ ეს მედიკამენტები იქნებოდა უფასო, რომ ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველასთვის დადღეს ქვეყანაში გვაქვს ამ წამლების, სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლების დეფიციტი". - თქვა აქციაზე ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ მთავარ არხთან.

ამავე ორგანიზაციის წევრებმა 27 თებერვალს პრემიერმინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანეს წერილი, სადაც ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ.

ონკოპაციენტების განმარტებით, 16 თებერვალს შეხვედრა ჰქონდათ ჯანდაცვის სამინისტროში, თუმცა, ამ დრომდე არ იციან, როდის იქნება მათთვის ხელმისაწვდომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები.

2023 წლის აგვისტოში ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ეწერა რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები დაუფინანსდებოდათ.

კომენტარები