უაქციზო სიგარეტი

"54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის რეალიზაციას გეგმავდნენ" – საგამოძიებომ 3 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით 3 პირი დააკავა. უწყების ცნობით, სამეგრელოს რეგიონში ბრალდებულებისაგან ამოიღეს გასაყიდად განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 8-წლამდე ვადით.

"ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით" - აღნიშნავს საგამოძიებო სამსახური.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე  წლის  თებერვლის  თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 15 პირი, მათგან დაკავებულია 4 პირი. 

"დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 12 676 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები