დიდი ბრიტანეთი

ქეით მიდლტონმა მისი ბოლო ფოტოს გარშემო შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა

PRINCE OF WALES

ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელში მის ბოლოს გავრცელებულ ფოტოზე შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა. მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა ქეით მიდლტონის და მისი შვილების ფოტოს ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენეს. 

"როგორც სხვა ბევრი მოყვარული ფოტოგრაფი მეც ხანდახან ვატარებ ექსპერიმენტებს ფოტოების დამუშავებაზე. მსურს ბოდიში მოვიხადო ყველა გაუგებრობისთვის, რაც გუშინ გავრცელებულმა ფოტომ გამოიწვია" - წერს უელსის პრინცესა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).

საერთაშორისო გამოცემები ყურადღებას ამახვილებენ პრინცესა შარლოტას მარცხენა ხელის შეუსაბამო პოზიციაზე. სხვა მედიები ასევე ხაზს უსვამენ პრინც ლუისის და ჯორჯის ხელების მდგომარეობებს და ჩრდილების არაბუნებრიობას ქეითის და შარლოტის თმაზე. აღსანიშნავია, რომ გამოცემები კენსინგტონის სასახლეს არ ადანაშაულებენ მთლიანი ფოტოს სიყალბეში, არამედ ამტკიცებენ, რომ ფოტო ციფრულადაა დამუშავებული. კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლებს ამ ბრალდებების შესახებ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას. სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს და ის პოსტოპერაციულ პერიოდს სახლში, ადელაიდას კოტეჯში, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გადის. უელსის პრინცესას ოფისის ცნობით, ის, დიდი ალბათობით, აღდგომამდე თავის ოფიციალურ მოვალეობებს და ფუნქციებს არ დაუბრუნდება. ქეით მიდლტონის ოპერაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ საზოგადოებაში ბევრი ჭორი და კონსპირაციული თეორია წარმოშვა.

მარტის დასაწყისში, ინტერნეტში ქეით მიდლტონის პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ქეით მიდლტონი ფოტოგრაფებმა უინძორის სასახლესთან ახლოს მანქანაში შენიშნეს, რომელსაც უელსის პრინცესის დედა, კეროლ მიდლტონი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი 4 მარტსაა გადაღებული.

კომენტარები