რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EPA

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (COREPER) წევრებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

"ჩვენ ეს შევძელით. ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროთი. გზავნილი ნათელია:  ჩვენ მთელი ძალით დავუჭერთ მხარს უკრაინას, რათა გაიმარჯვოს". - წერს ბორელი Twitter-ზე.

5 მილიარდ ევროს ბრიუსელი ევროპის სამშვიდობო ფონდში (EPF) მიმდინარე წლის ბოლომდე შეიტანს.

2021 წელს დაფუძნებული ევროპის სამშვიდობო ფონდი (EPF) ევროკავშირის მიერ განვითარებადი ქვეყნების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას ემსახურება. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ არსებულ რესურსებს უკრაინის დასახმარებლადაც გამოიყენებდნენ. 

ევროკავშირის ბიუჯეტისგან განსხვავებით, რომელიც სამხედრო ოპერაციების დაფინანსების მიზნით არ გამოიყენება, არსებული ფონდი სწორედ ამ მისიას ისახავს მიზნად და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. 

ამ დრომდე ევროპის სამშვიდობო ფონდმა უკრაინას 6.1 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება გაუწია. 

კომენტარები