თავდაცვის სამინისტრო

ღარიბაშვილი ხიდაშელზე: 4 წელი ისე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ, საერთოდ კითხვა არ დასმულა

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დავით ხიდაშელი 4 წელი ისე მუშაობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, "საერთოდ კითხვა არ დასმულა". 

"ვინ იყო კრემლთან დაახლოებული? რატომ არის ეს თემა ასე აქტუალური? დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია, მადლობა გადავუხადეთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, 4 წელი იგი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ზოგადად, რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დემილიტარიზაციის საკითხებში, რა ინფორმაციაზე მელაპარაკებით, თქვენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე და ხალხს ატყუებთ, ეს არის აბსურდი, არაფრის მომცემი. გაასაჯაროებენ. 4 წელი ისე მუშაობდა, რომ საერთოდ კითხვა არ დასმულა, ახლა არ ვიცი საერთოდ რატომ აწიეთ ეს თემა" - თქვა ღარიბაშვილმა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხიდაშელს ხელშეკრულება ყოფილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ შეუწყდა. 

ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობას ადასტურებს ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც. 

"ნუ იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით... არ მგონია, დღეს, ალბათ არ იქნება გაფორმებული" - ამბობს ბურჭულაძე მთავარ არხთან

რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელის თქმით, გარეჯის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონსულტაციებს უწევდა და გაწეული სამუშაოსთვის არასდროს აუღია ხელფასი. 

"მე ყოველთვის ვადასტურებდი, რომ გარეჯის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას კონსულტაციებს ვუწევდი. უცნაური და საეჭვოა, რატომ გახდა ეს საკითხი მნიშვნელოვანი ახლა, ხუთი წლის შემდეგ. ამასთან ერთად, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ კონსულტაციებში არასდროს ამიღია ხელფასი. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნისთვის დახმარების გაწევა და არასდროს მიფიქრია გარეჯის საკითხზე რამე კონკრეტული სარგებლი, თუნდაც ხელფასის ერთხელ მაინც მიღება." - წერს დავით ხიდაშელი მთავარისთვის გაგზავნილ წერილში. 

2020 წლის 2 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია სწორედ დავით-გარეჯის რუკების შესახებ. პირველი არხის მიხედვით, მათ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა დაუდასტურა, რომ რუკების დედნები, რომლის საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს მან გადასცა.

2020 წელსვე ბიზნესმენი დავით ხიდეშელი რუსთავი 2-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილთან საუბარს იხსენებდა, რომელიც, მისი მტკიცებით, 2019 წლის სექტემბერში შედგა. დავით ხიდაშელი ირწმუნებოდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის 1936-1937 წლებში გამოცემული რუკის დედანი, მასშტაბით 1:200 000 ქართულ მხარეს თავად გადასცა და "მტკიცებულებები დაუბრუნა სამშობლოს".

 

კომენტარები