სომხეთი

სომხეთში პოლიციის შენობაზე თავდამსხმელი, ბაქოსთვის 4 სოფლის გადაცემას ეწინააღმდეგებოდა

სტეფან ოვაქიმიანი

როგორც სომხურ მედიებში წერენ, პირი, რომელიც გასულ დღეს, 24 მარტს სომხეთში, ნორ-ნორქში პოლიციის განყოფილებაში ხელყუმბარით შეიჭრა, სტეფან ოვაქიამია.

სომხურ მედიაში წერენ, რომ ოვაქიმიანი, რომელიც ქალაქი აბოვიანიდან არის, იზიარებს ნაციონალურ-დემოკრატიული პოლუსის შეხედულებებს. ეს არის პოლიტიკური ალიანსი, რომელიც შეიქმნა 2020 წელს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის კოვიდპანდემიასთან ბრძოლის უკმაყოფილების ფონზე. შემდეგ მათ ყურადღება 2020 წლის ყარაბაღის ომზე გადაიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობა ოპოზიციურია, ისინი, დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისა და ალიანსებისგან განსხვავებით, არ იზიარებენ პრორუსულ შეხედულებებს.

სომხურ მედიაში როგორც წერენ, გასულ დღეებში ოვაქიმიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე ორჯერ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც აკრიტიკებდა აზერბაიჯანისთვის 4 სოფლის გადაცემის გადაწყვეტილებას. საუბარია 4 სოფელზე, რომელთა გათავისუფლება აზერბაიჯანმა სომხეთს მარტის დასაწყისში მოსთხოვა. სოფლები: ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით აზერბაიჯანის ყაზახის პროვინციას ეკუთვნის. ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ მათ სომხეთი აკონტროლებს.

ეს სოფლები აზერბაიჯანის საკუთრებაა სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის აზრითაც. გასულ დღეებში მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ საზღვრი დელიმიტაცია-დემარკაცია სწორედ ყაზახის პროვინციის მოსაზღვრე ტავუშის პროვინციიდან დაიწყონ.

სტეფან ოვაქიმიანმა ბოლო ვიდეო გამოაქვეყნა პოლიციის განყოფილებაში შეჭრის წინ და მოსახლეობას მოუწოდა, არ მიეცათ მთავრობისთვის სოფლების გადაცემის ნება.

24 მარტს ნორ-ნორქში პოლიციის განყოფილებაში შეჭრა სამმა პირმა სცადა. ორი მათგანი საკუთარი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიჭრა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კი თითქმის ორი საათის განმავლობაში პოლიციის შენობის შესასვლელში ხელყუმბარით იდგა. მოლაპარაკებების შემდეგ, ის საბოლოოდ უვნებელყვეს. საქმე ტერორიზმის ბრალდებით აღიძრა.

ამას გარდა, 24 მარტს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ნაციონალურ-დემოკრატიული პოლუსის 6 და კავშირ მებრძოლთა საძმოს 49 წევრი. როგორც სამართალდამცავ უწყებაში ამბობენ, ამოიღეს უკანონო იარაღი. მებრძოლთა საძმოს წევრები, ხელისუფლებისგან გაფრთხილების მიუხედავად, აპირებდნენ მოენახულებინათ აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონი, კერძოდ სოფელი აშაღი-ასქიფარა, ან, როგორც სომხები ეძახიან, ნერკინ-ვოსქეფარი.

კომენტარები