აშშ

ბალტიმორში კონტეინერმზიდი ხომალდი ხიდს შეეჯახა და ჩამოანგრია

Harford County MD Fire & EMS/Handout

მერილენდის შტატში, ბალტიმორში, კონტეინერსაზიდი გემი DALI, რომელიც სინგაპურის დროშას ატარებდა, ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდს დაეჯახა და ჩამოანგრია. ამის შესახებ CNN წერს.

"948 ფუტის სიგრძის (რედ. – დაახლოებით 300 მეტრი) კონტეიერმზიდი DALI Francis Scott Key ხიდს დაეჯახა [...] და შედეგად, ის ჩამოინგრა". - წერია აშშ-ს სანაპირო დაცვის მეხუთე განყოფილების საჯარო ურთიერთობების ხელმძღვანელის განცხადებაში.

შემთხვევის ადგილას საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს, მობილიზებულები არიან მყვინთავები, რომლებიც წყალში გადარჩენილებს ეძებენ. დაშავებულთა ან გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა, კევინ ქართვრაითმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ „მასობრივი მსხვერპლის“ შემთხვევასთან აქვთ საქმე, რომელიც რამდენიმე სააგენტოს ჩართულობას საჭიროებს.

ქართვრაითმა დაამატა, რომ შემთხვევის ადგილზე მდინარეში 20-მდე ადამიანსა და ასევე მანქანებზე აქვთ ინფორმაცია.

„სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ინდივიდია, რომელიც შესაძლოა პატაპსკოს მდინარეში იყოს, ასევე მანქანებიც“. - თქვა ქართვრაითმა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციითაც, წყალში მანქანების შესახებ შეტყობინებები მიიღეს და ადგილზე რამდენიმე სამაშველო ერთეული გაგზავნეს.

მერილენდის გუბერნატორმა, ვეს მურმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„მადლიერნი ვართ იმ კაცებისა და ქალების, რომლებიც სამაშველო ღონისძიებებს ატარებენ და ყველას უსაფრთხოებისთვის ვლოცულობთ“. - წერია გუბერნატორის განცხადებაში.

კომენტარები