აშშ

აშშ-ში პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო უჭირთ ფაქტის და აზრის ერთმანეთისგან გარჩევა - კვლევა

აშშ-ში, ილინოისის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რომლითაც სურდათ, დაედგინათ თუ რამდენად კარგად შეუძლიათ ამერიკელებს განასხვაონ ფაქტი და მოსაზრება.

მკვლევართა განმარტებით, პოლიტიკურმა მიკერძოებულობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გამოკითხულთა მიერ გაცემულ არასწორ პასუხებზე. კვლევა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლის ჟურნალ Missinformation Review-ში გამოქვეყნდა.

2019 წელს, გამოკითხვის ფარგლებში, YouGov-ის საშუალებით, 2 498 ადამიანს 12 განცხადება გაეგზავნა, მათ უნდა დაედგინათ რომელი განცხადება იყო ფაქტი და რომელი უბრალოდ მოსაზრება.

თითოეული განცხადება დაკავშირებული იყო მიმდინარე მოვლენებთან და მათი უმეტესობა შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა აბორტი, იმიგრაცია, ჯანდაცვის ხარჯები და მრავალფეროვნების მნიშვნელობა აშშ-ში.

გამოკითხულთაგან 5%-ზე ნაკლებმა შეძლო თორმეტივე განცხადების სწორად ამოცნობა. რესპონდენტებმა, საშუალოდ, 12-დან 7 დებულების სწორად გააზრება შეძლეს.

მკვლევრების მტკიცებით, მიღებული შედეგები იმაზე უარესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ამერიკელების უუნარობას, რომ მტკიცედ განასხვაონ ფაქტები და მოსაზრებები, "მძიმე გავლენა" ექნება აშშ-ში პოლიტიკური დისკურსისა და დეზინფორმაციის მომავალზე.

"ფაქტისა და აზრის განსხვავების უნარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა მოქალაქეებმა მართონ ის პოლიტიკური ინფორმაციის ნაკადი, რომელსაც ყოველდღიურად იღებენ.

როგორ შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ პროდუქტიული დისკურსი ამა თუ იმ პრობლემაზე, მაშინ, როცა არა მხოლოდ ვერ თანხმდებიან ფაქტებზე, არამედ თავად ფაქტის ფუნდამენტურ განმარტებაზეც." - თქვა ილინოისის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ლექტორმა, ჯეფრი ჯ. მონდაკმა.

კვლევის თანაავტორებმა, მონდაკმა და მეთიუ მეტლერმა განცხადებების არასწორად იდენტიფიცირების მიზეზები ორ კატეგორიად დაახარისხეს - მიუკერძოებელი და მიკერძოებული შეცდომა.

კვლევამ აჩვენა, რომ მიუკერძოებელი შეცდომის დაშვების ალბათობა იცვლება რესპონდენტის განათლების დონისა და მიმდინარე მოვლენების ცოდნის მიხედვით.

რაც შეეხება მიკერძოებულ შეცდომას, ამ შემთხვევაში, განათლებასა და მიმდინარე მოვლენების ცოდნას გავლენა არ მოუხდენია - შეცდომები მეტწილად გამოწვეული იყო რესპონდენტის პოლიტიკური შეხედულებებით.

"რაც უფრო პოლარიზებული ხდება პოლიტიკური შეხედულებები, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც მით უფრო მიდრეკილნი ხდებიან შექმნან ალტერნატიული რეალობა. ასეთ დროს, ისინი აცხადებენ, რომ მათმა მხარემ გააშუქა ფაქტები, მეორე მხარემ კი მხოლოდ მოსაზრებები." - აღნიშნა მონდაკმა.

კვლევის შედეგები საყურადღებოა როგორც რეალობის აღქმაზე პოლიტიკური შეხედულებების ზეგავლენის კუთხით, ამასთან ერთად, მიღებული მონაცემები შემაშფოთებელია აშშ-ს პოლიტიკისთვისაც, განსაკუთრებით კი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

კომენტარები