არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) კვლევით ინსტიტუტ Gnomon Wise-თან თანამშრომლობით გამოაქვეყნა ავტორიტარიზმის კვლევა, რომელიც აანალიზებს იმას, თუ როგორ მოიპოვებს საქართველოს ხელისუფლება კონტროლს თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე, მათ შორის სასამართლოზე, პროკურატურაზე, ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე და სხვა ორგანოებზე.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ავტორიტარულ პრაქტიკებს, რომლებსაც სისტემატურად იყენებს ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი უკვე მოჰყვა დესტრუქციული შედეგები როგორიც სახელმწიფოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც და დააზიანა საქართველოს, როგორც ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი.
"ათ წელზე მეტია, რაც სასამართლოზე კონტროლი ხორციელდება მოსამართლეთა ვიწრო, მაგრამ გავლენიანი ჯგუფის მიერ. ეს ჯგუფი, რომელსაც დღეს საზოგადოება ე.წ "სასამართლო კლანის’: სახელით იცნობს, ხელისუფალს სასათბურე პირობებს უქმნის სასამართლოში კორუფციის, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ამრიგად, ძალაუფლების ერთი კაცის ხელში კონცენტრაციის პროცესში. ამ მხრივ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან ერთად, თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო". - წერია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებულ არაფორმალური პრაქტიკების შორისაა შემდეგი მექანიზმები: საჯარო სექტორში დასაქმება საარჩევნო მობილიზაციის სანაცვლოდ, რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენებაზე უარი საარჩევნო მობილიზაციის სანაცვლოდ, რეჟიმთან დაკავშირებული ბიზნესების გამოყენება საარჩევნო მობილიზაციისთვის და საარჩევნო ხმის პირდაპირი ყიდვის პრაქტიკები.
"ამომრჩეველთა აზრზე მანიპულირების შემთხვევად შეგვიძლია განვიხილოთ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2023 წლის 15 სექტემბრის განცხადება, ფინანსური დავალიანების მიზე ზით სტატუსშეჩერებული 30 000 მდე სტუდენტისთვის გაენულებინა არსებული დავალიანება, რომლის ჯამური მოცულობაც 40 მილიონ ლარამდეა. მართალია, აღნიშნული დაპირება კანონმდებლობით გათვალისწინებულ წინასაარჩევნო პერიოდში არ გაცემულა, თუმცა, პრემიერმინისტრის შესაძლო კორუფციული ქმედებისა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის აშშ-ის მიერ დასანქცირებიდან მეორე დღეს, მსგავსი განცხადება მიზნად ისახავდა საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობას და მის მანიპულირებას". - ვკითხულობთ GDI-ის ანგარიშში.
რაც შეეხება არალიბერალურ პრაქტიკებს, GDI-ს კვლევაში ხაზგასმულია მასობრივი უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის არსებობა, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების/ჟურნალისტების დევნა, პოლიტიკოსების მიერ ჟუნნალისტთა დაცინვა და შეურაცხყოფა.
ამავე ჩამონათვალშია შეკრების თავისუფლებისა და საპროტესტო მობილიზაციის შეზღუდვაც, რომლის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. "გავრილოვის ღამეს" განვითარებული მოვლენები.
"საქართველოს კანონმდებლობის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი ორგანოების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის გასა გები ფორმით არ გაკეთებულა გაფრთხილება აქციის შეწყვეტისა და წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალის გამოყენების შესახებ [...] აქციის დარბევის შედეგად, სულ 240 ადამიანი დაშავდა, აქედან: 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და დანარჩენი მშვიდობიანი მომიტინგე. აქციის სამმა მონაწილემ, რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად, ცალი თვალი დაკარგა, მათ შორის, 18 წლის ახალგაზრდამ". - წერია ანგარიშში.
აქვეა ხაზგასმული ნარკოპოლიტიკისა და სოციალური დახმარების სისტემის ინსტრუმენტალიზაციის პრაქტიკები, რომლებსაც, GDI-ის მითითებით, ხელისუფლება საარჩევნო მობილიზაციისთვის და ადამიანების რეჟიმზე დამოკიდებულების გასაზრდელად ატარებს.
GDI წერს, რომ ავტოკრატიზაციის პირობებში, მმართველი ხელისუფლება ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს არა მხოლოდ ფორმალურ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ არაფორმალური სოციალური გავლენის სფეროების გაფართოების კონტექსტშიც. კერძოდ, ხელისუფლება რეჟიმის ლოიალისტ/დომინანტ ჯგუფებს, მათ შორის, რელიგიურს პრივილეგიებით უზრუნველყოფს.
"საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ ერთერთ პრობლემას, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას, სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან შედარებით, პრივილეგირებულ პირობებს უწესებს, "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის ნორმებში ვხვდებით. კერძოდ, რელიგიური გაერთიანებები, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მოკლებული არიან შესაძლებლობას, პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინონ სახელმწიფო ქონება, ან მიიღონ ის უსასყიდლოდ.
მაგალითად, 2013 წელს სსიპ ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ სცადა თავის მფლობელობაში არსებული საკულტო ნაგებობის შემოღობვა გორში, რათა იგი დაზიანებისგან დაეცვა. მაგრამ რადგან უძრავი ქონება მისი საკუთრება არ იყო, სახელმწიფომ შემოღობვის უფლება არ მისცა". - წერს GDI.
GDI აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ ამ ინსტიტუციებზე კონტროლის მოპოვება მიზნად ისახავს დემოკრატიული რეჟიმებისთვის აუცილებელი ანგარიშვალდებულების მექანიზმების მოშლას, რათა ხელი არ შეეშალოს ძალაუფლების ერთი ინდივიდის ხელში კონცენტრაციას.