რუსული კანონი

ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსულების ჩამონათვალში არ იძებნება

ბექა ოდიშარია
საქართველოს პარლამენტი

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსულების სიაში აღარ იძებნება.

ამ დროისთვის ვებსაიტზე ლატვიის საპატიო კონსულების ჩამონათვალში მხოლოდ მიხეილ ხუნდაძე დარჩენილი, ხოლო ვებსაიტი ბოლოს 16 აპრილს განახლდა.

მანამდე, ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ითხოვდა, რომ ბექა ოდიშარიას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი შეუწყდეს.

კოლსი X-ზე დაწერილ პოსტში ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფრაზებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ოდიშარიას სიტყვები "ამაზრზენი" და "საზიზღარია".


არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი მარტის აქციების შემდეგ ჩავარდნილი კანონპროექტის ტექსტის იდენტურია. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდა ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები