რუსული კანონი

რეაქციები და დასანქცირების მოწოდებები ევროპარლამენტში – რა თქვეს რუსულ კანონზე

europarl.europa.eu

22 აპრილს ევროპარლამენტში რუსულ კანონზე და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლაზე იმსჯელეს. ევროპარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტები შეადგინეს, რომლებშიც კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაში მისი მხარდამჭერი პირების, მათ შორის, კანონპროექტისთვის ხმის მიმცემი დეპუტატებისა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.

ევროკომისარმა კრიზისის მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უკან წაიღოს კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გავლენების შესახებ.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს სანქციები დაუწესოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს" - თქვა ევროკომისარმა მირიამ ლექსმანმა.

ევროპარლამენტარი სვენ მიკსერის თქმით, თუ საქართველოს პარლამენტი კანონს მიიღებს, არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდება. 

საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებას ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები კვლავ რეპრესიების წინაშე არიან, ახლა უკვე  სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის ზვიად ხარაზიშვილის მხრიდან. 

"მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიიღოს სანქციები, ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან დემოკრატიულ პროცესებს და აორგანიზებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნას, კერძოდ: ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ" - თქვა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.

ევროპარლამენტარმა მაიკლ გელერიმ თქვა, რომ თუ საუბარია უცხოურ გავლენებზე და აგენტებზე, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გადმოიტანოს რუსული მმართველობის ფორმები და რუსული კანონი საქართველოში. 

"საქართველოს ევროპულ გზაზე მთავარი დაბრკოლება არა ქართველი ხალხი, არამედ "ქართული ოცნების" მთავრობაა" - თქვა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა 

მირიამ ლექსმანის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და მათი გუნდის პროექტი კანონის მხარდამჭერის ყველა დეპუტატისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. 

მარკეტა გრეგოროვას და ვიოლა ფონ კრამონის პროექტის მიხედვით, ევროკომისიამ უნდა ჩაატაროს შუალედური შეფასება იმ ნაბიჯების იმპლემენტირების, რომლითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. 

რეზოლუციების პროექტების კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება.

კომენტარები