რუსეთი

სასამართლოს გადაწყვეტილებით შოიგუს მოადგილის ქონებასა და აქტივებს ყადაღა დაედება

ტიმურ ივანოვი
RBC

რუსეთში ყოფილი თავდაცვის მოადგილის, ტიმურ ივანოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შოიგუს მოადგილეს დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანოვის ქონებას, აქტივებსა და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედება. შეზღუდვა გავრცელდება ასევე ივანოვის ოჯახის წევრებზე, პირველ რიგში ცოლზე და 5 შვილზე.

დაყადაღებული ქონებისა და აქტივების ზუსტი ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია. 

ცოტა ხნით ადრე, შოიგუმ ივანოვის თანამდებობიდან დათხოვნის ბრძანებას მოაწერა ხელი.


რუსეთში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს ერთ-ერთი მოადგილე, ტიმურ ივანოვი დააკავეს. ამის შესახებ 23 აპრილის ღამეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს.

გამოძიება დიდი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს დანარჩენი დეტალები არ დაუზუსტებია და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ "მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები".

უცნობია ზუსტად როდის დააკავეს ივანოვი. РБК წერს, რომ 23 აპრილს შოიგუს მოადგილე თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომას ესწრებოდა.

ტელეგრამ-არხი 112 საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ივანოვი დაღესტანში, საკუთარ აგარაკზე დააკავეს. ამას გარდა, ტელეგრამ-არხი ВЧК-ОГПУ წერს, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად კიდევ 3 პირი დააკავეს.

გავრცელდა კადრები, რომლებშიც ივანოვი სასამართლო პროცესზეა წარმოდგენილი. სასამართლომ ივანოვი 23 ივნისამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულია საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, სერგეი ბოროდინი. გამოძიება მიიჩნევს, რომ ივანოვი და ბოროდინი შეკრული იყვნენ მესამე პირებთან და დაგეგმეს ჯგუფური დანაშაული.

ტიმურ ივანოვი სერგეი შოიგუს გუნდის წევრია. ის მოადგილის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა. აქამდე, 3 წლის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაქვემდებარებულ სამშენებლო კომპანია Оборонстрой-ს და მოსკოვის ოლქის ხელისუფლებაშიც მუშაობდა მაშინ, როცა რეგიონს სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა.

ივანოვი მინისტრის მოადგილის პოსტზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს შენობებისა და სამხედრო იპოთეკის შენებას, გარემონტებასა და რეკონსტრუქციას, ასევე უზრუნველყოფდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამედიცინო და საცხოვრებელ უზრუნველყოფას.

ივანოვი ხელმძღვანელობდა ყველა დიდ სამხედრო სამშენებლო პროექტს რაც ბოლო წლებში ჩატარდა, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარი ეკლესიის აშენებას, ასევე კოსმოდრომი Восточный-ის პროექტს. როგორც მიხაილ ხოდორკოვსკის პროექტი დოსიე წერდა, ივანოვი ხელმძღვანელობდა ოკუპირებულ მარიუპოლში მიმდინარე მშენებლობებსაც.

2019 წელს Forbes-მა შეადგინა უმდიდრეს ძალოვანთა სია, რომელშიც ივანოვიც მოხვდა. გამოცემის ცნობით, 2018 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ოჯახის შემოსავალი 136.7 მილიონ რუბლს, თავად ივანოვის კი - 13.6 მილიონ რუბლს გაუტოლდა.

Forbes-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ივანოვი "შოიგუს კაცია", თუმცა მას გადაცდომები ჰქონდა და მის მიმართ "კითხვები დაგროვდა". გამოცემის წყაროს თქმით, შესაძლოა სერგეი შოიგუ თანამდებობას ტოვებდეს და ამას წინ მისი გარემოცვის წმენდა უძღოდეს.

ტიმურ ივანოვი მრავალი ჟურნალისტური გამოძიების ობიექტი გამხდარა. ალექსეი ნავალნის გუნდისა და Проект-ის გამოძიების მიხედვით, მის ოჯახს მოსკოვის ყველაზე ძვირადღირებულ უბან რუბლიოვკაში აქვს სასახლე, ასევე XIX საუკუნის დიდი სახლი მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე. თითოეული ობიექტის ღირებულება 600 მილიონი რუბლია. გამომძიებელი ჟურნალისტები სწავლობდნენ ივანოვის ყოფილი ცოლის მიერ ასიათასობით ევროს ხარჯვის შესახებ. მისი ახალი ცოლი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეთაურის ყოფილი მრჩეველი, მარია კიტაევა კი ევროპაში მას შემდეგაც კი მოგზაურობდა, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 2022 წლის მარტიდან ივანოვი აშშ-ს და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში შედის.

კომენტარები