რუსული კანონი

გერმანია: საქართველოს მთავრობა ვალდებულია არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

უწყება X-ზე წერს, რომ თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად, საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ ღამე საპროტესტო აქციას მართავს.

"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ". - წერია სამინისტროს განცხადებაში.


საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

16-17 აპრილის ღამეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

ქართული ოცნების განცხადებით, მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს "ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას".

კომენტარები