საბაჟო

ამერიკამ საქართველოს საბაჟო კინოლოგიური ცენტრი გადმოსცა

facebook.com/georgia.revenue.service

2 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო კინოლოგიის ცენტრი გაიხსნა.

ახალი ცენტრის შექმნა შესაძლებელი ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ფარგლებში გახდა. ძაღლები აშშ-ის ნარკოტიკის მოხმარების კონტროლის ადმინისტრაციამ (DEA) გაწვრთნა.

პროექტის მეშვეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა თბილისის აეროპორტის სპეციალური დანიშნულების სწრაფი რეაგირების რაზმი, რომლის ამოცანა ძაღლების დახმარებით ნარკოტიკების აღმოჩენა და ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების მნიშვნელოვანი შემცირებაა.

ამ მიმართულებით საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა 2013 წელს დაიწყო, როდესაც 2013 წლის ივნისში შემოსავლების სამსახურსა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს შორის გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. პროექტის ფარგლებში, 2014 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა კინოლოგთა რვაკვირიანი ტრენინგი, რომლის დასრულების შემდეგაც სერტიფიცირებული კინოლოგები გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ.

ცენტრის გახსნას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები.


ფოტო: facebook.com/georgia.revenue.service

კომენტარები