საქართველოს ეკონომიკა

კონკურენტუნარიანობით საქართველო 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა

columbia.edu

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა. 2014-2015 წელს ქვეყანა 144 ქვეყანას შორის 69-ე ადგილს იკავებდა. ინდექსის მიხედვით აშკარა ხდება, რომ საქართველო ყველაზე მეტად ინოვაციების კატეგორიაში ჩამორჩება. საქართველოს განსაკუთრებით დაბალი ქულა ბიზნესის განვითარების კრიტერიუმშიც აქვს. შედარებით მაღალი ქულა კი განათელბის და ჯანდაცვის, ასევე მაკროეკონომიკური გარემოს მიმართულებით აქვს.

ინდექსში წლების მიხედვით საქართველოს პოზიცია ასე იცვლებოდა:

  • 2015–2016 წლის ინდექსი ........................... 66 ადგილი ..... 4.2 ქულა
  • 2014–2015 წლის ინდექსი ........................... 69 ადგილი ......4.2 ქულა
  • 2013–2014 წლის ინდექსი ........................... 72 ადგილი ......4.2 ქულა
  • 2012–2013 წლის ინდექსი ........................... 77 ადგილი ......4.1 ქულა

ყველაზე რთული მდგომარეობა საქართველოს ინოვაციისა და ბიზნესის განვითარების კუთხით აქვს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის რეიტინგში 123-ე ადგილზე იმყოფება. დაბალი ინოვაციების დონე  კომპანიების მხიდან საკმაოდ დაბალ კვლევის მაჩვენებელს (R&D), უნივერსიტეტების მხრიდან კვლევაზე დახარჯულ მცირე თანხებსა და ქვეყანაში კვალიფიციურ ინჟინერთა და მეცნიერთა რაოდენობას უკავშირდება.

საქართველო კონკურენტუნარიანობის მიხედვით ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საბერძნეთსა (81-ე ადგილი) და სლოვაკეთს (67-ე ადგილი) უსწრებს. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ საომხეთს (81-ე ადგილი) უსწრებს.

საქართველო იმისდა მიუხედავად, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის წევრი არ არის, კონკურენტუნარიანობის ინდექსი მაინც ამ ქვეყნების ჯგუფში არის შესული. ამ ჯგუფში პირველ ადგილზე (40-ე ადგილი) აზერბაიჯანი იმყოფება, რუსეთი კი 45-ე ადგილზეა. დსთ-ს ქვეყნებიდან ყველაზე დაბალი კონკურენტუნარიანობა ყირგიზეთს აქვს (108-ე ადგილი)

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგების დონეს განაპირობებს. ეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. ამდენად, კონკურენტუნარიანად ითვლება ის ეკონომიკა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით საქართველოს მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ინსიტუტების გაძლიერება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შრომითი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდა.

წინა წლების მსგავსად, ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყნების ათეულში დომინირებენ ევროპის ქვეყნები: შვეიცარია, გერმანია, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო. ათეულში შედის ასევე სამი აზიური ქვეყანაც - სინგაპური, ჰონგ-კონგი და იაპონია. კონკურენტუნარიანობის მიხედვით აშშ მესამე ადგილზეა.

კომენტარები