კონფლიქტი სირიაში

ასადი: მხოლოდ სირიის, რუსეთის, ირანის და ერაყის კოალიცია გადაარჩენს რეგიონს

telegraph.co.uk

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი თვლის, რომ მხოლოდ სირიის, რუსეთის, ირანისა და ერაყის კოალიციას შეუძლია რეგიონის გადარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მთელი რეგიონი დაინგრევა.

ასადმა გააკრიტიკა აშშ-ის კოალიცია და მისი საჰაერო დარტყმები სირიასა და ერაყში კონტრპროდუქტიულად შეაფასა. მისი თქმით, ამით ტერორიზმი მხოლოდ გავრცელდა.

ასადი თვლის, რომ სირიის, რუსეთის, ერაყისა და ირანის კოალიცია ტერორიზმთან ბრძოლაში "პრაქტიკულ შედეგს" მიაღწევს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა ბოლო 24 საათში "ისლამური სახელმწიფოს" ათი ობიექტი დაბომბა. სირიელი აქტივისტების განცხადებით, რუსეთის დარტყმებმა სულ ცოტა ორი ბავშვი და მწყემსი იმსხვერპლეს, ასევე დაიჭრა 15 ადამიანი.

ამასთან, სირიაში დააპატიმრეს ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელმაც რუსეთის საჰაერო დარტყმები გააკრიტიკა.

თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია პრეზიდენტ ასადის მხარდასაჭერად. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ამას მძიმე შეცდომა უწოდა და თქვა, რომ ასეთი ქმედება მოსკოვს იზოლაციაში მოაქცევს.

აშშ-ის კოალიციამ კი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ 16 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

კომენტარები