აზია

მსოფლიო ბანკმა აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

Getty Images

მსოფლიო ბანკმა აზიისა და წყნარი ოკეანიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება დოლარის საერთაშორისო გამყარებასა და ჩინეთში საფონდო ბირჟის ვარდნას უკავშირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაში მომხდარი საფონდო ბირჟის ვარდნა მსოფლიოს ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს. 

ჩინეთს წელს 7%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა სავარაუდოდ საპროგნოზო ზრდის მიღწევა ვერ მოხდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ჩინეთში წელს 6.9%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა იქნება. ჩინეთში 7%-ზე ნაკლები ეკონომიკური ზრდა გასული 25 წლის მანძილზე არ ყოფილა. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელება სავაჭრო, ტურისტულ და საინვესტიციო ქვეყნებში ჩინური კაპიტალის შედინების შემცირებაში აისახება. აზიის განვითარების ბანკი ADB რეგიონისთვის 5.8%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, აზიაზე მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის 2/5 მოდის. 

წლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს, რაც დოლარს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს. მსოფლიო ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება და ამ ქვეყნების ვალუტების დევალვაციის მოლოდინებს კიდევ უფრო გაზრდის.

კომენტარები