თბილისობა 2015

თბილისობა 2015-ის ბიუჯეტი 977 000 ლარია

თბილისობა 2015 17–18 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, უწყებამ კონკურსის "ჩემი თბილისობა" მეშვეობით საუკეთესო კონცეფციები შეარჩია და ღონისძიებები სწორედ აღნიშნული კონცეფციების გათვალისწინებით დაიგეგმა. საკრებულოში გუშინ ღონისძიებების საბოლოო პროგრამა განიხილეს. ბიუჯეტი 977 000 ლარია.

თბილისობის პროგრამა:

"თბილისობას 16 ოქტომბერს, საღამოს "საპატიო თბილისელის" დაჯილდოების ცერემონია გახსნის. 17 და 18 ოქტომბერს, რიყის პარკში დაგეგმილია სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ღია ტურნირები ჭადრაკსა და ჭიდაობაში, საბავშვო ღონისძიებები და "ლაივ ფესტივალი" ახალგაზრდებისთვის.

თბილისობა 2015-ის ფარგლებში, წელს პირველად გაიმართება კულინარიის ფესტივალი. პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ქართული, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძები. რიყის პარკის შადრევანთან კი, ღვინის ქალაქი მოეწყობა.

17 ოქტომბრის კულმინაცია, მიშა მდინარაძის პროექტი იქნება, რომელიც წარმოაჩენს თბილისური მუსიკის ტრანსფორმაციას ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში.

წელს პირველად, ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისზე მზრუნველი თავად აირჩიონ, დასახელებული კანდიდატებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე.

18 ოქტომბერს მუშტაიდის პარკიდან სტარტს აიღებს კოსტიუმირებული მსვლელობა "შემოდგომა და გარემო", რომელიც გორგასლის მოედანზე გალა კონცერტს შეუერთდება.

თბილისობა 2015 გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეძღვნება. დღესასწაულის ფარგლებში ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით, სტრატეგიის პრეზენტაცია მოეწყობა. ასევე გაიმართება სხვადასხვა თემატური შემეცნებითი აქტივობები", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები