ადრონული თერაპია

კანცელარიაში ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის სხდომას ივანიშვილი ესწრება

ბიძინა ივანიშვილი
საზოგადოება 2030

მთავრობის ადმინისტრაციაში ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას ქართუ დააფინანსებს.

"დღეს არის ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის მორიგი სხდომა. პირველ რიგში, მინდა, გამოვყო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ საქმეში, როგორც ინიციატორის, ასევე, გია დვალის როლი არის მნიშვნელოვანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმის წამოწყება საქართველოში იყო ბატონი ბიძინას ინიციატივა. პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი "ქართუ". ასე რომ, მადლიერებით მინდა აღვნიშნო მისი წვლილი. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს ნახევარ მილიარდ დოლარს და მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით კი, "ორ წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესებული. მინდა, მადლობა გადავუხადო გიას. ინიციატივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. მე ცოტა განსხვავებული აზრი და იდეა მქონდა, თუმცა ძირითადაც გია დვალის დახვეწილია ის ფორმა, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ჩვენი გუნდიც და კიდევ სხვები აქტიურად მონაწილეობენ და გვეხმარებიან. მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. ისინი არიან დიდი სპეციალისტები. იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს".

კომენტარები