აგვისტოს ომის გამოძიება

ომბუდსმენი აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას მიესალმება

0 კომენტარი
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას მიესალმება. უჩა ნანუაშვილის განცხადებას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. პალატა შეაფასებს, არის თუ არა გონივრული საფუძველი გამოძიების გასაგრძელებლად. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

"საქართველოს სახალხო დამცველი თავის 2013-2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში წერდა 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და რეკომენდაციით მიმართავდა საქართველოს მთავარ პროკურორს, „ეფექტურად და შემჭიდროვებულ ვადებში“ წარემართა ამ დანაშაულებზე, მათ შორის, პირთა უგზო-უკვლოდ გაუჩინარების საქმეებზე გამოძიება. სახალხო დამცველი მიესალმება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიებას და თვლის, რომ ეს ხელს შეუწყობს სიმართლის დადგენას, მსხვერპლთა უფლებების აღდგენას და კონფლიქტის მხარეებსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის სამშვიდობო პროცესების დაჩქარებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 1998 წელს დაფუძნდა. მისი წესდების (რომის წესდება) მიხედვით, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა, სასამართლოს აქვს იურისდიქცია იმ დანაშაულებზე, რომლებიც მოხდა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, ან რომლებიც წევრი ქვეყნის მოქალაქემ ჩაიდინა. წესდების რატიფიცირება საქართველომ 2003 წლის 5 სექტემბერს მოახდინა, თუმცა, რუსეთის ფედერაციას მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. მიუხედავად ამისა, რუსეთის მოქალაქეებს შეიძლება დაეკისროთ პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის. სასამართლოს აქვს იურისდიქცია მხოლოდ შემდეგი ტიპის დანაშაულებზე: გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაული", - აცხადებს ომბუდსმენი და განმარტავს, რომ საქმე სასამართლოში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ ან ვერ იძიებს აღნიშნულ დანაშაულებს.

"საერთაშორისო სისხლის სასამართლოს, წინასწარი მოკვლევის ფარგლებში, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა გასული 7 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პროკურატურებთან და აკვირდებოდა 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობას. არც საქართველოში და არც რუსეთში გამოძიება არ დასრულებულა და არავინ პასუხისგებაში არ მიცემულა.

წინასწარი წარმოების პირველი პალატის თანხმობის შემთხვევაში, პროკურატურა 2008 წლის ომის კონტექსტში შემდეგ სავარაუდო დანაშაულებებს გამოიძიებს: ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირების მკვლელობა, იძულებითი გადაადგილება და დევნა, მათი ქონების ძარცვა და განადგურება სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ, რუსეთის ფედერაციის ძალების სავარაუდო მონაწილეობით; ასევე, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქართულ სამშვიდობო ძალებზე მიზანმიმართული თავდასხმა და ქართული შეირაღებული ძალების მიერ რუსულ სამშვიდობო ძალებზე მიზანმიმართული თავდასხმა.

გამოძიება ასევე დაინტერესდება ისეთი დანაშაულებით, როგორებიცაა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე ქართული და რუსული შეიარაღებული ძალების მიერ და სქესობრივი და გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, გაუპატიურება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიზანი არ არის ყველა დამნაშავე პირის გასამართლება, არამედ სასამართლო მიმართავს ძალისხმევას იმ პირების გასამართლებისათვის, რომლებსაც დანაშაულის ჩადენაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

სასამართლოს შეუძლია გამოსცეს დაკავების ორდერი რათა უზრუნველყოს ბრალდებული პირის სასამართლოზე გამოცხადება. სასამართლოს ასევე შეუძლია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მსჯავრდებულს პატიმრობა შეუფარდოს. რადგან სასამართლოს საკუთარი საპოლიციო ძალები არ ჰყავს, ის დამოკიდებულია წევრი ქვეყნების თანამშრომლობაზე. სასამართლოსთან თანამშრომლობა მათი სამართლებრივი ვალდებულებაა. სწორედ წევრ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა უარს იტყვის სასამართლოსთვის ბრალდებული ან მსჯავრდებული პირის გადაცემაზე. სასამართლო ასევე დამოკიდებულია ქვეყნების თანამშრომლობაზე მტკიცებულების მოპოვების დროს. 2008 წლის მოვლენების გამოძიებისას პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მათ შორის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლა, რაც სასამართლოსთვის შესაძლოა გამოწვევას წარმოადგენდეს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები