რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: პრეზიდენტი დახმარებას დაგვპირდა, მან ყველაფერი გაითვალისწინა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა. ხალვაშის თქმით, მან სთხოვა გიორგი მარგველაშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლო პროცესებზე მონიტორინგი დააწესოს. მისი აზრით, სასამართლოზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ზეწოლა ხდება. ხალვაშის განმარტებით, მან საქართველოს პრეზიდენტს რუსთავი 2-თან  დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები გააცნო. თუმცა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის იურისტი არ არის და მსგავს დეტალებს ვერ ჩაეძიება. 

"პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მიმიღო. მოვუყევი ყველაფერი, სამართლებრივი საქმე ავუხსენით, ვთხოვეთ, რომ მონიტორინგი გაეკეთებინა სასამართლოსთვს, იმიტომ, რომ სასამართლო განიცდის დიდ ზეწოლას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. არის მცდელობა. რომ მოახდინონ ზეგავლენა გადაწყვეტილებაზე, აქედან გამომდინარე, ვთხოვეთ, რომ მისი წარმომადგენელი დასწრებოდა ამ სასამართლო პრიცესებს და გარკვეული ყოფილიყო, როგორ მიდის საქმე. მან დახმარება აღგვითქვა, ყველაფერი გაითვალისწინა. ჩვენ ავუხსენით სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტები, მაგრამ მან თქვა, რომ ის არ არის იურისტი და ამიტომ, ვერ გააკეთებს თავის დასკვნას ამასთან დაკავშირებით. მან უნდა მოუსმინოს სხვა მხარესაც, ეს თქვა. ცოტა ვრცელი ლაპარაკი გამოგვივიდა, ისტორიაც მოვყევი, როგორ ხდებოდა ყველაფერი და საქმის კურსში ჩავაყენე... 2006 წლის 16 ნოემბერს, ღამის 11-ის ნახევარზე შევედი პრეზიდენტთან სალაპარაკოდ. იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დამიყენა პრეტენზიები, მოთხოვნა, ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად გვეცხოვრა და არ მქონოდა პრობლემები. მეორე დღეს, 2006 წლის 17 ნოემბერს, მოვიდა დიმა ქიტოშვილი თავის მეგობართან ერთად და გადაიფორმეს რუსთავი 2",- განაცხადა ხალვაშმა.

პრეზიდენტთან შეხვედრას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, ასევე პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე ესწრებოდნენ. 

კომენტარები