გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ზვიად ჯანყარაშვილს კორუფციაში ადანაშაულებენ

ზვიად ჯანყარაშვილი

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ბრალდებული თამარ ფხოველიშვილი კომპანიის მაშინდელ ხელმძღვანელ არჩილ ცაბუტაშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, დანაშაულებრივ სქემაში, რომელსაც ცაბუტაშვილი კურირებდა, მას მწვანე შუქი ზვიად ჯანყარაშვილისგან ჰქონდა. ამის შესახებ მან დღეს სასამართლოში, ბრალდებულის სახით დაკითხვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ცაბუტაშვილმა დაკითხვისას რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გვარიც ახსენა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ცაბუტაშვილი ყოფილი მინისტრების, ელგუჯა ხოკრიშვილისა და დავით შავლიაშვილის ახლო მეგობარია. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროსა და წყალმომარაგების კომპანიას შორის კადრები სწორედ მათთან შეთანხმებით იცვლებოდა.

როგორც თამარ ფხოველიშვილმა აღნიშნა, წყალმომარაგების კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, კახა სოლოღაშვილმა მოამზადა სქემა, რომლის მიხედვითაც, გარკვეული თანხები იმ ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო, რომელიც კომპანიას აღარ ეკუთვნოდა. მისი განმარტებით, ცაბუტაშვილმა მას უთხრა, რომ გადარიცხული თანხების 20% მისი იქნებოდა, 80% კი მას ცაბუტაშვილთან უნდა მიეტანა.

ფხოველიშვილის მტკიცებით, კომპანიიდან მითვისებული 3 მილიონამდე ლარიდან 1 700 000 ლარი დახარჯული აქვს არჩილ ცაბუტაშვილს. მიცემულ ჩვენებაში ფხოველშვილმა თავი წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ მან აღნიშნა, რომ ჯგუფური დანაშაული არა იმ პირებთან ერთად ჩაიდინა, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, არამედ ცაბუტაშვილთან და სოლოღაშვილთან, რომლებმაც უშუალოდ სქემაში მონაწილეობა შესთავაზეს.

დანაშაულის ჩადენის მოტივად კი ფხოველიშვილი შვილის ჯანმრთელობის პრობლემას ასახელებს. რაც შეეხება ხოკრიშვილისა და შავლიაშვილის გვარების დასახელებას, ბრალდებულმა განმარტა, რომ ისინი ცაბუტაშვილის ახლო მეგობრები იყვნენ და წყალმომარაგების კომპანიიდან არჩილ ცაბუტაშვილი სქემის განხორციელების შემდეგ, სწორედ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ასევე, ბრალდებულის თქმით, ისიც მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბუღალტრულ ანგარიშს ჩაამთავრებდა, გარემოს დაცვის სამინისტროში ცაბუტაშვილის შეთავაზებით უნდა გადასულიყო.

"მე და ცაბუტაშვილი 30 წელია, ვმეგობრობთ და ვიცი, რომ ჯანყარაშვილი მისი მეგობარი, ბავშვის ნათლია და მეჯვარეა. ცაბუტაშვილმა, როდესაც სქემაზე მესაუბრებოდა, მითხრა, რომ მწვანე შუქი გვაქვს ანთებული და ვერავინ ვერაფერს გვეტყვის, ვერც შეგვამოწმებენო", - აღნიშნა ფხოველიშვილმა.

კომენტარები