გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

თარხნიშვილი: წყალმომარაგებაში დანაშაულებრივი სქემა ღარიბაშვილის დონემდე ადის

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, "წყალმომარაგების სისტემაში დანაშაულებრივი სქემა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დონემდე ადის". გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერის, ბრალდებულ თამარ ფხოველიშვილის დღევანდელ ჩვენებაზე თარხნიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წყლის მომარაგებასთან დაკავშირებული სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე იყო ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო მოადგილე - ინფრასტრუქტურის იმდროინდელი მინისტრი დავით ნარმანია.

"შემდეგ ჩამოდიოდა ქვედა დონეზე და მათ შორის იყო არჩილ ცაბუტაშვილი, როგორც წყალკანალის დირექტორი. წყლის საბჭოში შედიოდა ყველაფერი - წყალკანალი, მელიორაციის სისტემა და წყლის გამანაწილებელი სისტემა. სამივე მიმართულებით დაკარგულია რამდენიმე ათეული მილიონი ლარი" - განაცხადა თარხნიშვილმა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მომდევნო მინისტრები ელგუჯა ხოკრიშვილი და დავით შავლიაშვილი "მოგვიანებით ჩაერთნენ დანაშაულებრივ სქემაში".

„არავინ არ დასჯილა, ყველა, მაქსიმუმ მოიხსნა თანამდებობიდან. არ არის აღძრული საქმეები, გამოძიება არ არის დაწყებული. სისტემა არის იგივე, იმიტომ, რომ სისტემის თავი და თავი არის ივანიშვილი, არაფორმალური მმართველი, კონკრეტულად ამ კლანის წარმომადგენლობა კი არც ერთი არ დასჯილა" - თქვა თარხნიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა ენმ-ის წევრს ჰკითხა, რამდენად მოსალოდნელია, რომ წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერის, ბრალდებული თამარ ფხოველიშვილის დღევანდელი ჩვენების საფუძველზე ცაბუტაშვილი ან ჯანყარაშვილი მოხვდნენ ბრალდებულის სკამზე

„არ ველი ამას, რადგან გვახსოვს, დაახლოებით იგივე ჩვენებები მისცა ჯოტია ბოდოკიამ, მაგრამ არავინ არ დასჯილა. მანაც დაასახელა დაახლოებით იმავე კლანის წარმომადგენლები., ალბათ, ისევ მეისრეებზე გაჩერდებიან და თავისიანებს მაინც არ დასჯიან" - დასძინა თარხნიშვილმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ბრალდებული თამარ ფხოველიშვილი კომპანიის მაშინდელ ხელმძღვანელ არჩილ ცაბუტაშვილსა და პრემიერის ნათესავს, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, დანაშაულებრივ სქემაში, რომელსაც ცაბუტაშვილი კურირებდა, მას მწვანე შუქი ზვიად ჯანყარაშვილისგან ჰქონდა. ამის შესახებ მან დღეს სასამართლოში, ბრალდებულის სახით დაკითხვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ცაბუტაშვილმა დაკითხვისას რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გვარიც ახსენა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ცაბუტაშვილი ყოფილი მინისტრების, ელგუჯა ხოკრიშვილისა და დავით შავლიაშვილის ახლო მეგობარია. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროსა და წყალმომარაგების კომპანიას შორის კადრები სწორედ მათთან შეთანხმებით იცვლებოდა.

კომენტარები