რუსთავი 2-ის საქმე

რას ეყრდნობა მოსამართლე ურთმელიძის განჩინება რუსთავი 2-ის მმართველობაზე

რუსთავი 2

განჩინებაში, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა და დროებითი მმართველობა დაინიშნა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლს (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა) ეყრდნობა, რომლის მიხედვით:

„სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება,რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად."

ხსენებული ნორმა, მისივე შინაარსიდან გამომდინარე, არ ვრცელდება დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურებზე - მოსამართლეს მხოლოდ იმ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლია, რაც დაუყოვნებლივ აღსრულებას არ ექვემდებარება. ეს კი ურთმელიძის გადაწყვეტილების საპირისპიროა - მან ნორმა სწორედ დაუყოვნებელი აღსრულებისთვის გამოიყენა.

რაც შეეხება „დროებით მმართველს", როგორადაც ურთმელიძემ რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი განსაზღვრა, სავარაუდოდ, მოსამართლე ეყრდნობა საპროცესო სამოქალაქო კოდექსის 198 მუხლის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები) მესამე პუნქტს, რომლის მიხედვით „სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე." მუხლი განჩინებაში პირდაპირ მითითებული არ არის, თუმცა განჩინებაშივე მოყვანილი 271-ე მუხლი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავთან გვამისამართებს (სარჩელის უზრუნველყოფა), რომელშიც, თავის მხრივ, შედის ხსენებული 198-ე მუხლი. აღსანიშნავია, რომ „სხვა ღონისძიებად" კანონში დროებითი მმართველის დანიშვნა გაწერილი არ არის, მოსამართლეს კი არ შეუძლია, "სხვა ღონისძიებად" ისეთი რამ გამოიყენოს, რაც კანონში პირდაპირ გაწერილი არაა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ განჩინების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება ტელეკომპანიის ქონების გაფლანგვის პრევენციისთვის ტარდება. ეს იმ პირობებში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უკვე გამოყენებულია - რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია და მისი განკარგვის უფლება შეზღუდულია.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 3 ნოემბერს მიაკუთვნა. თუმცა იქამდე, 2 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. შესაბამისად, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება იქამდე არ უნდა აღსრულებულიყო, სანამ საქმეს სამივე ინსტანციის სასამართლი არ განიხილავდა.

კომენტარები