ტერორიზმი

ბრიუსელში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება განაახლა

AP

ოთხდღიანი პაუზის შემდეგ, ბელგიის დედაქალაქში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და სასწავლო დაწესებულებებმა ფუნქციონირება განაახლა, თუმცა, ბრუსელში კვლავ მოქმედებს უსაფრთხოების საგანგებო ზომები. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა დილის 7 საათიდან დაიწყო, მაგრამ მეტროს რამდენიმე ხაზი კვლავ არ ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეიარაღებული ძალები პატრულირებენ.

პარალელურად, საფრანგეთის მთავარი პროკურორი ფრანსუა მოლინსი 13 ნოემბრის ტერაქტების ახალ დეტალებს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, თავდასხმების მთავარი ორგანიზატორი აბდელჰამ აბაუდი 13 ნოემბერს შემთხვევის ადგილიდან სახლში მეტროთი დაბრუნდა, როდესაც პოლიციას უკვე ანტიტერორისტული ოპერაცია ჰქონდა დაწყებული. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს, რადგან 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების მთავარი შემსრულებელი თავისუფალია. პოლიცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ვარაუდობენ, რომ გადაადგილებისას აბდესლამს შაჰიდის ქამარი ექნება. ასევე ირკვევა, რომ პარიზის ერთ-ერთ უბანში, სენ დენიზში, მდებარე ბინის მეპატრონემ სავარაუდოდ, იცოდა მისი მდგმურების ტერორისტული საქმიანობის შესახებ. 

კომენტარები