თურქეთი-რუსეთი

ერდოღანი: პუტინი ჩემს ზარებს არ პასუხობს

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ვლადიმირ პუტინი
Getty Images

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. "ჩვენ გვჭირდება, ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ პუტინი არ პასუხობს ჩემს ზარებს", - ამბობს ერდოღანი France 24-თან ინტერვიუში.

ერდოღანის თქმით, თურქეთს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურს. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული თვითმფრინავის პილოტებმა თურქული მხარის 5-წუთიანი უწყვეტი გაფრთხილებები უყურადღებოდ დატოვეს.

"რომ გვცოდნოდა, რუსული თვითმფრინავი იყო, სხვანაირად ვიმოქმედებდით. მაგრამ ჩვენ გვაქვს მოვალეობა, დავიცვათ თურქეთის საჰაერო სივრცე", - ამბობს ერდოღანი.

ერდოღანის თქმით, G20-ის სამიტზე პირადად ესაუბრა ვლადიმირ პუტინს რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე და გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ასეთი შემთხვევები მომხდარიყო. "არცერთი სუვერენული სახელმწიფოსგან არ არის მოსალოდნელი, საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვაზე უარი თქვას", - აღნიშნავს ერდოღანი.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი SU-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური ანკარის განცხადებით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი, საზღვრის დარღვევას უარყოფს და ამბობს, რომ თვითმფრინავი ჩრდილოეთ სირიაში დაფრინავდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ განხორციელებული დარტყმა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა.

კომენტარები