თურქეთი-რუსეთი

ერდოღანი პუტინს: თუ რამეს გვაბრალებთ, უნდა დაამტკიცოთ

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ვლადიმირ პუტინი
tass.ru

თურქეთი მოუწოდებს რუსეთს, დაამტკიცოს ის ბრალდება, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის სავაჭრო მარშრუტის დაცვა იყო. "თუ რამეს გვაბრალებთ, უნდა დაამტკიცოთ. უნდა დააწყოთ დოკუმენტები მაგიდაზე, თუ ასეთი არსებობს. ვნახოთ ეს დოკუმენტები", - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრიფინგზე თქვა - "ჩვენ გვაქვს ყველანაირი მიზეზი, ვიფიქროთ, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე გადაწყვეტილება თურქეთისკენ ნავთობის მარშრუტის დაცვის სურვილით იყო ნაკარნახევი".

თურქეთმა რუსული თვითმფრინავი 24 ნოემბერს საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდო. თუმცა, ერდოღანის თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა თვითმფრინავი. რუსეთი კი საზღვრის დარღვევას უარყოფს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მტკიცებულება აჩვენებს, რომ რუსეთმა ნამდვილად დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. პუტინმა თურქეთს "ტერორისტების თანამზრახველი" უწოდა. მიუხედავად ამისა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მაინც იმედოვნებდა, რომ სიტუაციის "გონივრულ წერტილამდე დაყვანას" შეძლებდა. პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტზე თურქეთის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრას და საუბარს გეგმავდა, თუმცა, რუსმა კოლეგამ უარი თქვა. მანამდე, ერდოღანი პუტინს ურეკავდა, თუმცა, ის არ პასუხობდა.

მომხდარის გამო რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, გაწყვიტა სამხედრო კონტაქტები და გააუქმა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

კომენტარები