გელა დუმბაძე: Gazprom-თან მოლაპარაკებებზე ეჭვები აღარ გამაჩნია

ტაბულა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ამბობს, რომ მას Gazprom-თან მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ეჭვები აღარ გააჩნია. გელა დუმბაძემ 31 ოქტომბერს პოლონეთში დიასპორასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსულ ენერგოგიგანტთან მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველოსთვის საზიანო იყო. დუმბაძემ ამ კომენტარის გამო ენერგეტიკის მინისტრის კრიტიკა დაიმსახურა, 2 ნოემბერს კახა კალაძემ გელა დუმბაძეს გაკოტრებული პოლიტიკოსი უწოდა. დღეს კი Gazprom-თან მიმდინარე მოლაპარაკებებზე დუმბაძე ამბობს, რომ მას კითხვები აღარ გააჩნია. 

"მე ამ თემასთან დაკავშირებით, ერთი რამის თქმა მინდა, რომ ყოველთვის ძალიან კარგია, რომ ეს კეთდება. მეტი კომუნიკაცია იყო ამ თემასთან დაკავშირებით და მგონი საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით აქვს საკმარისი კომუნიკაცია. მე მივიღე როგორც მოქალაქემ დამატებითი ინფორმაცია და როგორც ჩემი ქვეყნის შვილმა მივიღე ინფორმაცია და ვადევნებ თვალყურს ამ თემას. ეჭვები მე არ გამაჩნია", - ამბობს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.

კახა კალაძე Gazprom-თან მოლაპარაკებების მეორე რაუნდს დღეს იწყებს. ენერგეტიკის მინისტრი Gazprom-ის გენერალურ დირექტორ ალექსეი მილერს დღეს შეხვდება. უცნობია, თუ რა მოცულობისა და რა ღირებულების ბუნებრივ აირზე მოხდება შეთანხმების გაფორმება. 

კომენტარები