ე.წ კორტების საქმე

სასამართლო: ცააძის და ფირცხალავას ოჯახის წევრების ბრალდებები ცილისწამებაა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ კორტების საქმეზე მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრების, ასევე, ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის ბრალდებებს სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. სასამართლოს შეფასებით, განცხადებები საქმის განმხილველი მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ ქრთამის აღების შესახებ, ცილისწამებაა.

"გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი მოკლებულია ყოველგვარ საღ აზრს, უფრო მეტიც მათი განცხადებები წარმოადგენს ცილისწამებას და მხოლოდ პირადი ეჭვები და ვარაუდები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რაიმე სახის დისციპლინარულ თუ სისხლისსამართლებრივ წარმოებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას.

საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებს არ ჰქონიათ არცერთი სამართლებრივი შენიშვნა სხდომის თავმჯდომარის მიმართ. მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი (2015 წ. 23 ნოემბერი), ვრცელდება საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც ემსახურება არასწორი აზრის ჩამოყალიბებას მოსამართლესა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. უფლებადამცველი, რომელიც საქმეში სულ ორი კვირაა ჩაერთო სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად, ცილისმწამებლური განცხადებებით შემოიფარგლება.

მოსამართლესთან კომუნიკაციისას დაზუსტდა, რომ მან ბოლო ერთი წლის სასესხო დავალიანება წინსწრებით დაფარა, რომლის ოდენობა ბევრად ნაკლებია მოსამართლის შემოსავლის წლიურ ოდენობაზე. ამასთან, არასწორია ინფორმაცია სხვა სესხის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები მოკლებულია ლოგიკურ შინაარსს და წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას მოახდინოს არამხოლოდ მოსამართლის, არამედ სასამართლო სისტემის იმიჯის შელახვა" - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ცნობისთვის, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების, გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას ოჯახის წევრების განცხადებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დიდი ოდენობით ქრთამი აიღო. მათი განცხადებით, საეჭვოა, რომ კოჭლამაზიშვილმა იპოთეკური სეხსი წინსწრებით დაფარა. 

“აქვს აღებული დიდი ოდენობით თანხა, აქ არის 10 ათასობით დოლარზე საუბარი, ორი იპოთეკური სესხი ჰქონდა და გუშინ დაფარა ეს სესხები წინსწრებით”- ამბობს ირინა ცააძე.

კომენტარები