ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში

CPT: ქართულ ციხეებში პატიმრებს არასათანადოდ ეპყრობიან და ამცირებენ

0 კომენტარი

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დელეგაცია საქართველოში 2014 წლის 1-დან 14 დეკემბრამდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში რამდენიმე საპატიმრო დაწესებულებას დააკვირდა. ანგარიშის თანახმად, პატიმრების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ხორციელდება. საუბარია, მათ შორის, "მისასალმებელი ცემის" ფაქტებზეც, რომელიც ახალი პატიმრების მიმართ ხორციელდება და სახეში დარტყმასა და წიხლებით ცემაში გამოიხატება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებები

"დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ. დაკავებულები საუბრობდნენ ფსიქიკურ ძალადობაზე დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის მომენტიდან. იყო ძალდატანება, რათა ეღიარებინათ დანაშაული, ან ეთქმევინებინათ სასურველი რამ. იყო ასევე ბრლდებები, რომ პოლიციელები იყენებენ შეურაცხმყოფელ ენას ან ემუქრებიან. კომიტეტი მიესალმება იმას, რომ ნაბიჯები იდგმება საქართველოს ხელისუფლების მიერ, რათა მოხდეს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენცია. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ამ კუთხით ძალისხმევა უნდა იყოს უწყვეტი. დაკავებული პირების მიერ ითქვა, რომ მათ დაკავების შემდეგ ადვოკატი შესთავაზეს, თუმცა, მასთან შეხვედრა გადაიდო. ზოგიერთ შემთხვევაში, დაკავებულმა პირებმა ადვოკატთან შეხვედრა მხოლოდ სასამართლოში შეძლეს", - წერია ანგარიშში.

სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებები

კომიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ბათუმის #3 საპყრობილეში, #7 საპყრობილეში თბილისში, გლდანის ციხესა და ციხის საავადმყოფოში, ასევე პირველად იმყოფებოდნენ მატროსოვის ციხეში.

"გლდანის ციხესთან დაკავშირებით საუბარია "მისასალმებელ ცემაზე", რომელიც ახალი პატიმრების მიმართ ხორციელდება და სახეში დარტყმასა და წიხლებით ცემაში გამოიხატება. დელეგაციას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, 2014 წლის 12 ნოემბრის ინციდენტის შესახებ, როდესაც ორი პატიმრის მიმართ აღკვეთის ოფიცრების მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები დაფიქსირდა. იყო ასევე დამაჯერებელი ბრალდებები გლდანის საპყრობილეში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.

რაც შეეხება ბათუმის #3 დაწესებულებას, დელეგაციამ მიიღო დეტალური და სარწმუნო ინფორმაცია, რომ დამკავებელი პერსონალი უკვე ბორკილებდადებულ პატიმრებს სახეში მუშტებს ურტყამენ, ასევე სხეულზე წიხლებს. ასევე დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია და დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ პატიმრებს ბორკილები ზედმეტად ხანგრძლივად ეკეთათ. "მისასალმებელი ცემის" ფაქტები ბათუმის საპყრობილეშიც დაფიქსირდა. წამების კომიტეტს ესმის, რომ ციხის მენეჯმენტსა და პერსონალს აგრესიულ პატიმრებთან უწევთ შეხება და არც აქვთ შესაბამისი ტრეინინგები გავლილი, რათა მაღალრისკიან სიტუაციებს გაუმკლავდნენ და მათგან ერთადერთი საპასუხო რეაქცია ფიზიკური გამკლავება და დაშინებაა", - წერია დოკუმენტში.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი აღნიშნავს, რომ იმ საპყრობილეებში, სადაც დელეგაცია იმყოფებოდა, პატიმრებს შორის ძალადობის ფაქტებზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, ამ პრობლემის არსებობაზე საუბრობდნენ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამდებობის პირები.

ამასთან, წამების კომიტეტის დელეგაცია შეშფოთებულია #7 საპყრობილეში უვადო პატიმრის არსებობის გამო, რომელსაც ფიზიკური და მენტალური პრობლემები აქვს და წელიწადზე მეტია, ერთადგილიან საკანშია განთავსებული. კომიტეტის განცხადებით, პირობები, რომელშიც პატიმარი იმყოფება, შეიძლება, მარტივად ჩაითვალოს არაადამიანურად და დამამცირებლად. დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, გადაიყვანონ პატიმარი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, უმკურნალონ და იზრუნონ დაყოვნებლივ. როგორც დოკუმენტში წერია, 2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლებამ კომიტეტს აუხსნა, რომ თავად პატიმარი არ თანამშრომლობს ციხის ადმინისტრაციასთან. თუმცა, კომიტეტი მაინც თვლის, რომ ციხეში მისი ყოფნა მიუღებელია. კომიტეტი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც კანონიერი და პრაქტიკულად შესაძლებელია, რათა უმოკლეს ვადაში გადაიყვანონ აღნიშნული პირი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი აღნიშნავს, რომ საპატიმრო დაწესებულებებში პრობლემაა პატიმრების სამარტოო საკანში წლების მანძილზე გაჩერება.

"პატიმართა გარკვეული რაოდენობა(განსაკუთრებით თბილისის #7, #9 და ბათუმის დაწესებულებებში) ამბობდა, რომ ისინი თვეების და მეტიც, წლების მანძილზე არიან სამარტოო საკანში გარე სამყაროსთან კავშირის, პაემნების და სატელეფონო ზარების განხორციელების, ასევე რადიოსა და ტელევიზორის გარეშე და ექვემდებარებიან უწყვეტ ვიდეოკონტროლს კამერებში. როგორც ჩანს, ეს ხორციელდება რთული და წესრიგის დამრღვევი პატიმრების მიმართ, მაგრამ აგრეთვე იმ მიზნით, რომ დაპატიმრებულებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან", - წერია ანგარიშში. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის აზრით, ამ პირობებში პატიმრების ყოფნა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობაა. კომიტეტი შეშფოთებულია, რომ ასეთ პირობებში პატიმრების განთავსების ნათელი, გამჭვირვალე კრიტერიუმები არ არსებობს.

წამების კომიტეტი ამბობს, რომ საქართველოში ვიზიტისას, პატიმრობის მატერიალური პირობები ძირითადად მისაღები იყო, თუმცა, ნორმა პატიმრისთვის 4 კვადრატული მეტრის ფართის საჭიროების შესახებ, მთლიანად არ არის დაცული. ამასთან, კომიტეტი შეშფოთებულია, რომ საკანსგარე აქტივობები პატიმრებისთვის ნაკლებია. "დღის დიდი ნაწილის მანძილზე პატიმრები საკანში არიან და იძულებით უსაქმურობას ეწევიან. ასეთი პირობები ავითარებს რეპრესიულ რეჟიმს", - წერია დოკუმენტში.

კომიტეტი მიესალმება სასჯელაღსრულების მიერ 2013 წელს დაწყებულ 18-თვიან გეგმას, რაც ციხეებში ჯანმრთელობაზე ზრუნვას ეხება. თუმცა, კომიტეტმა რეკომენდაციები მაინც გასცა რამდენიმე კუთხით, როგორიცაა სამედიცინო კონფიდენციალურობა, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური დახმარება, სუიციდის პრევენცია და ნარკოტიკების არსებობა ციხეში.

როგორც ანგარიშში წერია, გლდანის ციხეში კაპიტალური რემონტის ჩატარების შემდეგ, დაწესებულებას შეუძლია, პატიმრებს ჯანდაცვის დამაკმაყოფილებელი ხარისხი შესთავაზოს. თუმცა, კომიტეტს აქვს რეკომენდაციები, გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები, მკურნალობა, დაიგეგმოს აქტივობები.

კომიტეტის განცხადებით, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობაა, როდესაც პატიმრებს არ აქვთ გარე სამყაროსთან კავშირი და არ აქვთ წვდომა მედიაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებები 

დელეგაცია იმყოფებოდა აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის ფსიქიატრიულ კლინიკაში(ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში) და ბედიანის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში.

"გარდა მსჯავრდებულებისა, თითქმის ყველა პაციენტი ორივე ჰოსპიტალში ითვლება "ნებაყოფლობით" მყოფად, თუმცა, ისინი დაკეტილ პალატებში არიან. ბევრი პაციენტი მათი ნათესავების თხოვნით იმყოფება ან იმიტომ, რომ არ აქვთ საცხოვრებელი. უმეტეს პაციენტს გასაუბრებისას, სურდათ, რომ შევშვებოდით", - წერია ანგარიშში.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ ორივე ფსიქიატრიული საავადმყოფოს მენეჯმენტი ვერ აცნობიერებს, რომ პაციენტების დიდი ნაწილი მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არის და მათი თავისუფლება შეზღუდულია. კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები, რათა კანონმდებლობა სამოქალაქო ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით პრაქტიკაში განხორციელდეს.

"ბედიანის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში დელეგაციას არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. რაც შეეხება ქუტირის საავადმყოფოს, დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია პერსონალის მიერ პაციენტების მიმართ უხეში მოპყრობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. როგორც ჩანდა, პაციენტთაშორისი ძალადობა ბედიანის ჰოსპიტალში პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ქუტირის საავადმყოფოში, დელეგაცია ასეთი აგრესიის მოწმეც კი გახდა", -წერია წამების კომიტეტის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ქუტირის ჰოსპიტალში საცხოვრებელი პირობები არ არის მორგებული ჯანდაცვის დაწესებულების პირობებს და ზოგიერთ პალატაში მდგომარეობა არაადამიანური და დამამცირებელია. დელეგაციამ მოუწოდა ხელისუფლებას, იმოქმედოს, რათა უზრუნველყოს ჰუმანური, თერაპიული და თანამედროვე კლინიკური მომსახურება. რაც შეეხება ბედიანის საავადმყოფოს, კომიტეტის განცხადებით, აქ შედარებით უკეთესი პირობებია.

რაც შეეხება თანამშრომლებს, კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ისინი არ იძლევიან ადეკვატურ მკურნალობასა თუ ზრუნვას. "ბედიანის საავადმყოფოში ფსიქოლოგებიც კი არ არიან. საავადმყოფოებში არ არის ინდივიდუალური მკურნალობის გეგმები. ამასთან, არ არსებობს პაციენტებისთვის აქტივობები და ეს თვეობით შეიძლება, გრძელდებოდეს."

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებები

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაცია სენაკის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მეორე რეგიონალურ განყოფილებაში იმყოფებოდა. კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, ნება მიეცეთ ჯარისკაცებს, ჰქონდეთ დარეკვისა და შეხვედრების, ასევე საჩივრის დაწერის შესაძლებლობა.

 

კომიტეტის ანგარიშის თანახმად, სამართალდამცველების დაუსჯელობა საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. "მთავარი სისტემური საკითხი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას შეუძლია, გამოიძიოს ბრალდებები, საჩივრები, არასათანადო მოპყრობის ფაქტები, პრაქტიკაში გამოძიება არასათანადოდ ხორციელდება. ჩნდება კითხვები გამოძიებების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ასევე სხვა პრობლემებია მტკიცებულებების შეკრების და მათი დაცვის შეფერხება, მოწმეების არდაკითხვა და გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის შეუსაბამო მუხლით. ეჭვმიტანილი ოფიცრების უფლებამოსილება ჩვეულებრივ არ არის შეჩერებული და არანაირი ქმედება არაა განხორციელებული პოტენციური მსხვერპლების(პატიმრების) დასაცავად, რომ არ მოხდეს მათზე ზეწოლა და არ შეცვალონ ჩვენებები"

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა არასათანადო მოპყრობის ფაქტები გამოიძიონ დამოუკიდებლად, ეფექტურად და გამჭვირვალედ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები