სურსათის ეროვნული სააგენტო

კომპანიას, რომლის ბურბუშელაშიც პიროტექნიკა აღმოჩნდა, საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კომპანიას, რომლის ბურბუშელაშიც პიროტექნიკა აღმოაჩინეს, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. გარდა ამისა, კომპანიას პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაევალა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბურბუშელას მწარმოებელ შპს დავლათში არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს.

"სურსათში დადასტურდა ფიზიკური საფრთხის შემცველი პიროტექნიკის არსებობა, გამოვლინდა ასევე სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შპს დავლათს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს,"– ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაში მოკვლევა გუშინ მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. 4 წლის ბავშვმა ბურბუშელაში მოთავსებული საახალწლო ასაფეთქებელი გადაყლაპა, რის გამოც მოზარდი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ბავშვი საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ აგრძელებენ ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტო მიმართავს ბიზნესოპერატორებს, არ განათავსონ სურსათთან ერთად ასაფეთქებელი, მომწამვლელი და სხვა სახის ნივთიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ფაქტების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 291 91 68.

კომენტარები