სოფლის მეურნეობა

მიქაუტაძე: მთავრობის გეგმა მიწის მითვისებასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურია

commersant.ge

გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორის გიგლა მიქაუტაძის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას ითვალისწინებს, არაკონსტიტუციურია. პროექტის მიხედვით, თუკი მიწის ფაქტობრივი მფლობელი ამ მიწის საკუთრებაზე ვერ წარადგენს დოკუმენტაციას, მთავრობა ამ მიწას ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე გადაიტანს. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი დაურეგისტრირებელია, რის გამოც მათ ფაქტობრივ მფლობელებს გაუჭირდებათ საკუთრების დასაბუთება. 

"მთავრობამ დაინახა პრობლემა - სასოფლო-სამეურნეო მიწების უდიდესი ნაწილი არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რაც ხშირად ქმნის სხვადასხვა სახის პრობლემებს. ეს საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელია, თუ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობაში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს. თუმცა ის გზა, რასაც მთავრობა გვთავაზობს, არის არასწორი, მეტიც, ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

პირველ რიგში, ყველა მიწათმესაკუთრემ რომ გადაწყვიტოს საკუთარი ნაკვეთის დარეგისტრირება, ეს პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება. საუბარია ასიათასობით ნაკვეთზე. მივესალმები, თუ სახელმწიფო რაიმე სახით წაახალისებს მიწათმესაკუთრეებს (მაგალითად, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას ვერ მიიღებს დაურეგისტრერებელი მიწის მეპატრონე) და გონივრულ ვადას მისცემს მათ, მაგრამ მოკლე პერიოდში სრული რეგისტრაცია ფიზიკურად შეუძლებელია.

ამას გარდა, მთავრობის გეგმა, ვფიქრობ, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. თუ მიწათმესაკუთრეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია, რეესტრში დაურეგისტრირებლობა არ შეიძლება იყოს მიზეზი საკუთრების უფლების გაუქმების. ამიტომ სახელმწიფოს გეგმა, რეესტრში დაურეგისტრირებელ მიწებზე გავრცელდეს სახელმწიფოს საკუთრების უფლება, უფრო ექსპროპრიაციას ჰგავს, ვიდრე მიწის რეფორმას", - ამბობს მიქაუტაძე.

მთავრობის განმარტებით ბარათში ნათქვამია: "მიწის რეგისტრაციასა და საკადასტრო რუკების შედგენასთან დაკავშირებული არაერთი რეფორმის ჩატარების მიუხედავად, დღეს მიწების უმეტესობა არ არის სათანადოდ რეგისტრირებული და აღრიცხული ერთიან ელექტრონულ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში, ვინაიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სრულყოფილი აზომვითი სამუშაოების ჩატარება და რეგისტრაცია ისეთი შემთხვევების გარდა, როდესაც არსებობდა კონკრეტული მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზანი" - ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობა აღიარებს იმ ფაქტს, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობის საკუთრებაში გადადის. 

საბჭოთა კავშირის დაშლისა და კოლმეურნეობების გაუქმების შემდეგ სოფლად მცხოვრებმა ოჯახებმა 0.25 ჰექტარი ფართობი მიწის ნაკვეთი მიიღეს, მას შემდეგ მრავალი ნაკვეთი გამსხვილდა და ფაქტობრივი მესაკუთრეებიც ბევრჯერ შეიცვალნენ. 1992 წელს დაწყებული მიწის რეფორმა კი დღემდე არ არის დასრულებული. 

კომენტარები